რას გულისხმობს ექსპორტის მხარდაჭერის ახალი პროგრამა? – ხიდურელმა პრეზენტაცია გამართა

სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მხარდაჭერის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. როგორც სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი, მედიასთან აღნიშნავს, ახალი პროგრამა ექსპორტიორ კომპანიებს საშუალებას მისცემს, გარდა სააგენტოს კალენდრით გათვალისწინებული საერთაშორისო გამოფენებისა, მათ ინდივიდუალურ დონეზე შეარჩიონ სასურველი ქვეყანა და გამოფენა, სააგენტო კი ამ გამოფენაზე სტენდის ღირებულების 80-90%-ს გრანტის სახით აანაზღაურებს.
“ჩვენ მუდამ ვზრუნავთ იმაზე, რომ ექსპორტიორი კომპანიებისთვის ყველანაირი პროგრამა გვქონდეს დანერგილი და დღეს 6-ზე მეტი პროგრამაა დანერგილი ფაქტობრივად ყველა მიმართულებით. თუმცა მუდამ ვფიქრობთ განვითარებაზე, ამიტომ, გუნდის ინიციატივით, ექსპორტიორ კომპანიებს ახალ პროგრამას ვთავაზობთ: ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა პრესტიჟულ გამოფენაზე ვართ წარმოდგენილი, თუმცა ახალი პროგრამა ყველა მეწარმეს ინდივიდუალურად აძლევს საშუალებას, თვითონ აირჩიოს საერთაშორისო გამოფენა, თუკი თვლის, რომ ის გამოფენები, რომლებიც დღეს გვაქვს კალენდარში, მისთვის საკმარისი არ არის და ფიქრობს მეტ გეოგრაფიულ გაფართოებაზე. მათ ვაძლევთ თავისუფლებას, თვითონ აირჩიონ ქვეყანა და გამოფენა და ჩვენ 80-90%-მდე გრანტის სახით ავუნაზღაურებთ სტენდის ღირებულებას”, – აღნიშნა ხიდურელმა და განმარტა, რომ გრანტის ოდენობა იქნება არა უმეტეს $5 000, რადგან სწორედ ეს არის სტანდარტული სტენდის ღირებულება სხვადასხვა გამოფენაზე.
სააგენტოს დირექტორი განმარტავს, რომ პროგრამა გავრცელდება ყველა იმ პრიორიტეტულ სექტორზე, რომელთა ხელშეწყობისთვისაც მუშაობს სააგენტო, მათ შორის IT მიმართულებითაც.
“ამ პროგრამაში ჩართვის საშუალება ექნებათ ყველა პრიორიტეტულ დარგს, მათ შორის IT მიმართულებასაც, ასევე ყველა სექტორს, რომელზეც სააგენტო მუშაობს, იქნება ეს საჭმელ-სასმელი, ბავშვთა ტანსაცმელი და სათამაშოები თუ სამშენებლო მასალების ინდუსტრია.
რაც შეეხება თანხას, დაფინანსდება არა უმეტეს $5 000, ჩვენი მხრიდან 80-90%-ის დაფინანსებით, რადგან იცით, რომ დიდი ზომის კომპანიებს შედარებით ნაკლებად ვეხმარებით, მცირე ზომის კომპანიებს კი – მეტად. $5 000 ის საერთაშორისო პრაქტიკაა, რა ფასშიც მერყეობს სტენდის ფასები, თუმცა მომართვიანობას დავაკვირდებით და, თუ გვექნება შემთხვევები, სადაც ცოტა მეტი სჭირდებათ დაფინანსებისთვის, იცით, რომ გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად ვიღებთ”, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
მისი განმარტებით, პროგრამა გეოგრაფიულ შეზღუდვას თითქმის არ ითვალისწინებს და მოიცავს როგორც -სა და ევრაზიის ბაზრებს, ისე აფრიკის კონკრეტულ ნაწილს.
ხიდურელის თქმით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ყველაზე ეფექტური გზაა მეწარმეებისთვის, საკუთარი პროდუქტისთვის შემსყიდველი იპოვოს.