ოჯახის განცხადებით, თუ სასამართლო ლაზარე გრიგორიადისს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავენ

ლაზარე გრიგორიადის ბაბუის, გია კალანდაძის განცხადებით, ლაზარეს საქმე “თეთრი ძაფით არის შეკერილი” და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, ს სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ოჯახის წევრები “გამამტყუნებელ განაჩენსაც შეგუებულები არიან”.
“ერთ რამეს ვიტყოდი, იმდენად თეთრი ძაფით არის შეკერილი ლაზარეს საქმე, რომ იმედი მინდა დავიტოვო, დღეს მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ლაზარეს გაამართლებს. ჩვენ [გამამტყუნებელ განაჩენსაც] შეგუებულები ვართ. მაგრამ გულის სიღრმეში ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს [მოსამართლემ]”,- განაცხადა გია კალანდაძემ.
მისივე თქმით, თუ მოსამართლე ლაზარე გრიგორიადისს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, ოჯახი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მის შეწყალებასთან დაკავშირებით მიმართავს.
“სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად ვთხოვთ, რომ ლაზარე შეიწყალოს. იმიტომ, რომ არანაირი საბუთი არ აქვს გამოძიებას, რომ ეს დანაშაული ლაზარემ ჩაიდინა. საერთოდ აქტიური ახალგაზრდა იყო, 15 წლიდან აქციებზე დადიოდა. ვერ იტანდა იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაში ხდებოდა. კადრებში ჩემი თვალით რაც დავინახე, იქ ლაზარე საერთოდ არ ჩანს. არ არსებობს ისეთი კადრი, სადაც ლაზარე ან “მოლოტივის კოქტეილს” ისვრის ან მანქანას ცეცხლს უკიდებს”, – განაცხადა გია კალანდაძემ.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.
ინფორმაციისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ