“მომღერლის ერთმა განცხადებამ შესაძლოა, მთელი ამერიკის ბედიც შეცვალოს” – ტეილორ სვიფტის ფენომენი

ახალგაზრდა ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი, რომელმაც 34 წლის ასაკში უკვე მოახერხა და, უამრავ ჯილდოსთან ერთად, ათეულობით გრემი აიღო, მთელ მსოფლიოს აკვირვებს. იგი უკვე დასახელდა ყველაზე გავლენიან ქალბატონად, Billboard-მა კი ის „ათწლეულის ქალად“ დაასახელა.

ჯერ ვერავინ ამოხსნა ტეილორ სვიფტის ფენომენი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ის ამერიკული ოცნებისა და ამერიკული კულტურის განსახიერებაა და სწორედ ამით მოიგო მთელი ამერიკისა და მსოფლიოს უმეტესი ნაწილის გული. ხშირად იმასაც ამბობენ, რომ მომღერლის ერთმა განცხადებამ შესაძლოა, მთელი ამერიკის ბედიც შეცვალოს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მომღერალმა მხარი ღიად დაუჭირა ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს, მან მსმენელს მოუწოდა, წასულიყვნენ არჩევნებზე და ხმა დაეფიქსირებინათ. ამის შემდეგ იმასაც კი ამბობდნენ, რომ ტეილორ სვიფტს გაურიგდა და ხმები მოიზიდა.

ახლა კი -ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც შესაძლოა, ისევ ჩაერთოს არჩევნებში, ტეილორ სვიფტს მოუწოდა, აღარ დაუჭიროს მხარი ჯო ბაიდენს, რადგან “ბაიდენს ტეილორისთვის არაფერი გაუკეთებია და არასდროს გააკეთებს”.

საინტერესოა, როგორ მოიპოვა ახალგაზრდა მომღერალმა ხალხის სიყვარული და, ზოგადად, რამ შექმნა ტეილორ სვიფტის ფენომენი?

ბავშვობა

ტეილორ სვიფტი პენსილვანიის შტატში, უესტ-რედინგში 1989 წლის 13 დეკემბერს დაიბადა. გოგონას მშობლები სკოტ კინგსლი სვიფტი და ანდრეა ფინლი საინვესტიციო სფეროში მუშაობდნენ.

გოგონას მუსიკა ბავშვობიდან იტაცებდა და ბერკსის აკადემიის ახალგაზრდულ თეატრში, მუსიკალურ დადგმებში მონაწილეობდა, ნიუ-იორკში კი ვოკალსა და სამსახიობო ოსტატობას ეუფლებოდა. თავდაპირველად ის ქანთრის სტილის მუსიკით იყო გატაცებული, თუმცა ხმის ჩამწერ სტუდიებს ეს მიმდინარეობა დიდად ვერ ხიბლავდა. ქალაქ უაიომინგში კი, სადაც ის კერძო სკოლაში სწავლობდა, გიტარაზე დაკვრაც შეისწავლა და მუსიკის ჩაწერა დაიწყო. ტეილორი 12 წლის იყო, როცა თავის დაწერილ მუსიკაზე ტექსტებსაც ქმნიდა. მუსიკის სიყვარულითა და წარმატების მიღწევის სურვილით, მან პირველი კონტრაქტი RCA Records-ის სტუდიასთან გააფორმა, თუმცა 14 წლის ასაკში, უკმაყოფილების გამო, კონტრაქტი გაწყვიტა.

ერთხელაც, როცა ტეილორი ნეშვილის ერთ-ერთ კაფეში მღეროდა და სიმღერით გადმოსცემდა თავის იმედგაცრუებას, იქვე სკოტ ბორჩეტი იმყოფებოდა. სწორედ იმ პერიოდში დააარსა ბორჩეტმა ხმის ჩამწერი სტუდია Big Machine Records, მიიწვია ტეილორი და აქედან დაიწყო გოგონას კარიერული წინსვლა.

2006 წლის ოქტომბერში ტეილორმა თავისი სადებიუტო ალბომი გამოსცა და ნეშვილში საუკეთესო დამწყები ვოკალისტის ჯილდოც მიიღო.

სულ რაღაც 2 წლის შემდეგ, 2008 წელს კი მუსიკოსის მეორე ალბომმა Fearless „გრემის“ დაჯილდოებაზე რამდენიმე კატეგორიაში: „წლის ალბომი“ და „საუკეთესო ქანთრი-ალბომი“ გაიმარჯვა. ამ წარმატების შემდეგ ტეილორის ვარსკვლავიც გაბრწყინდა და შემდგომ წლებში მან უფრო დიდ წარმატებასაც მიაღწია.

2010 წელს სვიფტმა კიდევ ერთი ალბომი გამოუშვა, რამაც კრიტიკოსთა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ყველა სიმღერის ტექსტსა და მელოდიას თავად ტეილორი წერდა.

2012 წელს მან კიდევ ერთი წარმატებული ალბომი გამოსცა, 1 წელში კი მსოფლიო ტურნე მოაწყო. მუსიკოსმა კონცერტები ჩაატარა ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ევროპასა და აზიაში, საბოლოო ჯამში კი, ტურნემ მას 150 მლნ. დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა.

2016 წელს, გრემის 58-ე დაჯილდოებაზე, ტეილორ სვიფტი 8 ნომინაციაში დასახელდა და სამ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის – „წლის ალბომი“. ამით კი სვიფტი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ამ ნომინაციაში ორჯერ გაიმარჯვა.

ამ წლების განმავლობაში მომღერალმა უამრავ წარმატებას მიაღწია და საინტერესო სიმღერებიც შექმნა, 2023 წელი კი მნიშვნელოვანი იყო მისთვის, რადგან სვიფტმა მსოფლიო ტურნე მოაწყო და მილიონობით გულშემატკივარს შეხვდა.

სკანდალები

წარმატებული მომღერალი, რომელიც ყველასათვის საყვარელი ამერიკელი გოგონაა, უეცრად სკანდალში გაეხვა. გაუგებრობა სვიფტს 2009 წელს MTV Video Music Awards-ზე რეპერ კანიე უესტთან მოუვიდა. ტეილორის კლიპი You Belong With Me “ქალთა საუკეთესო ვიდეოს” ნომინაციის გამარჯვებული გახდა. როცა მომღერალი სცენაზე სამადლობელ სიტყვას ამბობდა, კანიე ავიდა სცენაზე, სვიფტს წაართვა მიკროფონი და განაცხადა, რომ ბიონსეს Single Ladies ყველა დროის ყველაზე საუკეთესო ვიდეოა.

კანიე უესტს დარბაზი დაატოვებინეს და შემდეგ მან “ტვიტერის” პირად გვერდზე ბოდიშიც მოუხადა ტეილორს. ამ საქციელის გამო, რეპერმა კრიტიკა არა მარტო ტეილორის ფანებისგან, არამედ – სხვა ცნობილი ადამიანებისგანაც დაიმსახურა. ამბავს გამოეხმაურა ლედი გაგა და თავად ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც.

ვარსკვლავებს შორის ახალი კონფლიქტი 2015 წელს გაღვივდა, როცა კანიემ MTV Video Music Awards-ის დაჯილდოებაზე მედიასთან განაცხადა, რომ იქ ტეილორი მხოლოდ რეიტინგისთვის მიიწვიეს.

2016 წელს ტეილორ სვიფტმა რეპერს უჩივლა, რადგან მან კლიპში ტეილორის ცვილის ფიგურა გამოიყენა. მოგვიანებით კანიე უესტის ყოფილმა ცოლმა, კიმ კარდაშიანმა მომღერლების საუბრების ნაწყვეტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ამაზე თანხმობა ადრე თავად ტეილორმა განაცხადა. ინტერნეტსივრცეში ტეილორ სვიფტის მიმართ დიდი ზეწოლა დაიწყო, მომღერალს ტყუილში ადანაშაულებდნენ. ამ ყველაფრის პასუხად, ტეილორმა ახალი ალბომი – Reputation გამოუშვა და საზოგადოების დამოკიდებულებაც შეცვალა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალები უკავშირდება მომღერალ კეტი პერისაც, რომელმაც ტურის მსვლელობისას სვიფტის სამი მოცეკვავე გადაიბირა. კიდევ ერთი სკანდალი მომღერლის მეგობარს, კარლი კლოსს უკავშირდება. როგორც წერდნენ, მოდელმა სვიფტის სახლში წვეულება ისე გამართა, რომ ამის შესახებ ტეილორმა არაფერი იცოდა.

აღსანიშნავია, რომ სცენაზე ტეილორ სვიფტის ყველა გამოსვლა განსხვავებული და განსაკუთრებულია, შოუ, რომელსაც მომღერალი თავის გუნდთან ერთად დგამს, საოცარი და ორიგინალურია. მომღერალი ყველა სიმღერაში უამრავ ენერგიას დებს და სწორედ ასე დაიმსახურა მსმენელის დიდი სიყვარულიც.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ