„კონტროლი უნდა გამკაცრდეს, სამშენებლო მანქანები ქუჩებს არ უნდა აბინძურებდნენ“ – კახა კალაძე

სამშენებლო მოედნებიდან გამოსული მანქანები დედაქალაქში ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ქმნიან, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა მ განაცხადა. მისი თქმით ამ მიმართულებით ჯარიმები ისედაც არსებობს და დაავალა მოადგილეს, რომ მოხდეს უფრო მკაცრი აღსრულება. მისივე თქმით, საჭიროა მეტი კომუნიკაცია კომპანიებთან საკითხის მოგვარებისთვის.
“რამდენიმე წლის წინ, პარლამენტმა მუნიციპალიტეტის მიმართვის საფუძველზე განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სამშენებლო მოედნებიდან დაბინძურებული მანქანების გამოსვლა გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმები. ფიზიკური პირის შემთხვევაში ეს არის 500 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში 1000 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში 2000 ლარი. ეს ცვლილება უკვე რამდენიმე წელია მოქმედია, თუმცა რეალობას ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემებია. ალბათ, ბევრ თბილისელს, ვინც დედაქალაქში გადაადგილდება, შეუნიშნავს სამშენებლო მოედნებიდან გამოსული დიდი მანქანები, რომლებიც აბინძურებს ქუჩებს. გამოაქვთ სამშენებლო ტალახი და ეს შემდეგ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ეს მტვრად გადაიქცევა და ამას სუნთქავენ მოქალაქეები. შესაბამისად, მე მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ აღნიშნულ საკითხს. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა და სამშენებლო ობიექტებს აქვთ ვალდებულება, რომ იმ მოედანზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, მოაწყონ შესაბამისი ჩამოსარეცხი, რათა ამის გამოტანა არ მოხდეს დედაქალაქის ქუჩებში”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ თავის მოადგილეს კახა გულედანს დაავალა, რომ დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია და მუშაობა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს, მისივე თქმით არ უნდა იყოს შემთხვევები, როცა სამშენებლო მანქანები აბინძურებს ქუჩებს.
“პრობლემაა ისიც, რომ ბეტონმიზიდი მანქანები ასფალტზე ღვრიან ბეტონს. რამდენი შემთხვევაა, როცა ეს ახლად რეაბილიტირებულ, განახლებულ ქუჩებზე ხდება. ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს” – თქვა კალაძემ.