ბიზნესმენებო, მოეგეთ გონს! თქვენ ახლა კვებავთ ურჩხულს და გამოეცალეთ – ნიკოლოზ შურღაია

“ბიზნესმენებო, მოეგეთ გონს! თქვენ ახლა კვებავთ ურჩხულს და გამოეცალეთ… ასევე, დეპუტატებო, თქვენც…“ – ასე მიმართა მენეჯერმა, მრჩეველმა და ბანკირმა 30-წლიანი გამოცდილებით, ნიკოლოზ შურღაიამ იმ ბიზნესმენებს, რომელთაც „გამჭვირვალობის“ მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს და ასევე, პარლამენტარებს, ვინც „რუსულ კანონს“’ მხარს უჭერს.
როგორც ნიკოლოზ შურღაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ფულის, შიშის და ტყუილის მმართველობა დაამკვიდრა.
ის დარწმუნებულია, რომ ბიზნესმენების უმრავლესობას „გამჭვირვალობის“ მხარდამჭერი განცხადების გავრცელება არ სურდა.
„მათგან ბევრს ვიცნობ და ბევრ დადებითს ვხედავ მათში. დარწმუნებული ვარ, ბიზნესმენების უმრავლესობას არ უნდოდა ამ განცხადებების წერა, რადგან ჭკვიანები და მრავლის მნახველი ადამიანები არიან.
თავისი ქონების გარდა, უამრავ ადამიანზე აგებენ პასუხს და ეს ქვეყანა მაინც მათ კისერზეა. ბევრს ქმნიან. ასეთი ხალხი საჭიროა.
ზოგადად, ასეთია კაცობრიობა – ბევრს არ უნდა საუბარი. მე ვარლამ არავიძე რომ დავინახე , მაგიტომ ვსაუბრობ. შეიძლება, ისინი ჯერ ვერ ხედავენ. მე უკვე დიდი ხანია ვხედავდი „ცხოველთა ფერმის“ სცენარს…
მე ვერ ვიცხოვრებ იმ საქართველოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა წარმოგვიდგინა. არსად წასვლას არ ვაპირებ. სიკვდილიც არ მინდა და რა ვქნა?! ისინიც მიხვდებიან, რომ გაიჭედებიან საშინელებაში ან იქნებიან ყმები, უფროსი ვასალები.
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ფულის, შიშის და ტყუილის მმართველობა დაამკვიდრა და უფრო მნიშვნელოვანი გახადა, შენს იერარქიაში ყველაზე კარგად იყო, ვიდრე ყველა კარგად ვიყოთ.
დავფიქრდეთ, სად ვართ გაჭედილები“, – განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ და ბიზნესმენებს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „გამჭვირვალობის“ მხარდამჭერი განცხადებები „კარგი არ იყო“.
„მგონია, რომ ეს თავადაც იციან. ძირითადად, ამ ხალხს პატივს ვცემ და ის სისუსტეები, რაც აქვთ, თავად უნდა შეიცნონ“, – დასძინა მან.