კომპანია „ჩირინამ“ საწარმოში 500 კვტ.სთ. სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა

კომპანია „ჩირინაში“ 500 კვტ.სთ. სიმძლავრის მზის პანელები დამონტაჟდა. როგორც BMG-ის კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, კომპანია სიმძლავრის გაზრდას გეგმავს.
მისი განმარტებით, მზის პანელები სრულად კომპანიის ხარჯით დაფინანსდა და ინვესტიციამ 600 ათასი ლარი შეადგინა.
„ჩვენი მოხმარება გაბნეულია, ამ ეტაპისთვის საწარმოში დამონტაჟებულია 500 კვტ.სთ. სიმძლავრის მზის პანელები. ძალიან ბევრ ენერგია ვხარჯავთ. შესაბამისად, ეს სიმძლავრე საწარმოს სრული დანახარჯის 15-20%-ია, თუმცა ამის შედეგად თვეში ₾30 ათასით ნაკლებს გადავიხდით. პანელები 23 აპრილს უკვე სრულად ამუშავდა და შედეგებიც მალე გვექნება. გარდა ამისა, ვგეგმავთ მზის პანელები დავამონტაჟოთ სასაკლაოზე, ინკუბატორში და ა.შ. მუშავდება ეს პროექტები და ვნახოთ. ჯერ უკვე დამონტაჟებულს დავაკვირდებით“, – თქვა ვაშაკიძემ.
რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც „ჩირინამ“ მზის პანელების დამონტაჟება გადაწყვიტა, როგორც ვაშაკიძე ამბობს, პრობლემა ელექტროენერგიის გაუგებარი ფასებია.
„ელექტროენერგიის ფასები გაუგებარია, ბირჟაზე უნდოდათ გამოტანა, თუმცა ცვლილება აქაც არ მოხდა. ენერგეტიკაში არაფერი ხდება, ამიტომ გადავწყვიტეთ, ნაკლები გადავიხადოთ“, – თქვა ვაშაკიძემ.