ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადება „ქართულ ოცნებაზე“ პოლიტიკური ვენდეტაა

ქალბატონმა პრეზიდენტმა, საერთოდ, საქართველოს დამაზიანებელი განცხადებების კეთების დროს ან თავი შეიკავოს, ან თუ აკეთებს ამ დამაზიანებელ განცხადებებს, დააკონკრეტოს, რაში უნდა გამოიხატოს ს ჩარევა საქართველოს საარჩევნო პროცესში – ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ვენდეტა „ქართულ ოცნებაზე“, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ს განცხადების პასუხად აღნიშნა, რომლის თქმითაც, არჩევნების წელს რუსეთის მხრიდან ჩარევას უნდა ელოდონ.
ქადაგიშვილის შეფასებით, სწორედ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული განცხადება არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის ნაწილი.
„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ვენდეტა „ქართულ ოცნებაზე“, მეტი არაფერი. „ქართული ოცნება“ არის ქართველი ხალხის მიერ არჩეული. ქართველი ხალხი ვის აირჩევს მომავალ არჩევნებზე, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ამ არჩევანმა, რომელიც 2020 წელს გააკეთა ქართველმა ხალხმა, ამ 4 წლის განმავლობაში მოუტანა საქართველოს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლა, ევროკავშირთან უპრეცედენტო დაახლოება. ეს არის ქართული გზა და ის, რასაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, არის ჰიბრიდული ომის ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის სალომე ზურაბიშვილის, საქართველოს პრეზიდენტის, დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ამიტომ ვამბობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი თუ რამე განცხადებას გააკეთებს, ძალიან ვთხოვ, რომ დააკონკრეტოს, თვითონ თქვას რაში ხედავს ამ საფრთხეს, რომ ჩვენ ამ საფრთხის პრევენცია მოვახდინოთ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
ამასთან, მან პრეზიდენტის კიდევ ერთი განცხადება შეაფასა, რომლის თქმითაც, საქართველოს კოალიციური მთავრობა სჭირდება. ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ოპოზიციისკენ გადაგდებული მაშველი რგოლია.
„ეს არის ჩვეულებრივად ოპოზიციისკენ გადაგდებული მაშველი რგოლი. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციას ძალიან მძიმე კრიზისიდან გამომდინარე, პრობლემები უდგას საარჩევნო კუთხით, პირველ რიგში, მხოლოდ ერთ პარტიას აქვს – დედა „ნაციონალურ მოძრაობას” 5%-იანი ბარიერის მყარად გადალახვის საშუალება. ამიტომ, რამენაირად საზოგადოებაში რომ გაზარდონ მოლოდინები, რომ ოპოზიციას დაუჭირონ მხარი, შემოაქვთ ეს სპეკულაციური თემა, რომ კოალიციური მთავრობა არის საქართველოს მხსნელი. რისგან არის საქართველოს მხსნელი, ამას არ ამბობენ და რატომ არის კოალიციური მთავრობა საქართველოს მხსნელი, არც ამას არ ამბობენ. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება, დღევანდელი ყველა მონაცემით ჩვენ უპირობოდ ვიმარჯვებთ, რაც შეეხება დარჩენილ ოპოზიციასთან კოალიციურ მთავრობას, ეს მარტივად ნიშნავს ერთადერთ რამეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე ახალ კოალიციურ მმართველობას ანუ მარტივად რომ ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობის“ შენიღბული ფორმით უკან მოტრიალებას, ეს არის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზავნილის ნათელი გაშიფვრა“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის თქმით, „ჩვენ [რუსეთის ჩარევის] საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია“.
„დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ