იაპონურ ფაქეიქებზე მოთხოვნის ზრდის შემდეგ, „ფუმფულამ“ მეორე ფილიალი გახსნა

იაპონური კერძების კაფე „ფუმფულას“ პირველი ობიექტი თბილისში, „ბაზარი ორბელიანზე“ ერთი წლის წლის გაიხსნა. სტარტაპერის საკრედიტო ხაზის დამტკიცების შემდეგ, მიმდინარე წელს, „ფუმფულამ“ მეორე ობიექტი ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე გახსნა. როგორც კაფეს თანადამფუძნებელი დავით ჯანელიძე „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს – სურდათ, რომ მომხმარებლისთვის აქამდე უცნობი იაპონური სუფლეს ტექსტურის ფანქეიქები შეეთავაზებინათ, რამაც გაამართლა და დიდი მოწონება გამოიწვია არა მხოლოდ ქართველ მომხმარებლებში, არამედ იაპონელ ტურისტებშიც. „ფუმფულას“ მენიუშია 10-მდე დასახელების ფანქეიქი, ასევე იაპონური ჩიზქეიქი, გიოზა, ტემპურა და სხვა იაპონური კერძები.
„მე, თემურ გეგელიამ და არსენი იუდინმა გადავწყვიტეთ, დაგვეწყო საქართველოსთვის მანამდე უცნობი იაპონური ფანქეიქების დამზადება და პირველი ობიექტი ჩვენივე სახსრებით ავამოქმედეთ. „ბაზარი ორბელიანზე“ პირველმა გახსნილმა ობიექტმა ცოტა ხანში დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. ამას, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო იაპონური ფანქეიქების ქართული აქცენტით დამზადების საოცარმა გემოვნურმა თვისებებმა და ჩვენივე სარეკლამო მარკეტინგულმა აქტივობამ ინსტაგრამზე, ტიკ ტოკსა და ფეისბუკზე“, – ამბობს კაფე „ფუმფულას“ თანადამფუძნებელი დავით ჯანელიძე.
დავით ჯანელიძე გვიყვება, რომ კომპანიის მთავარი ფუდ-ტექნოლოგობა სპეციალობით კვების ტექნოლოგმა არსენი იუდინმა ითავა, რომელიც წარმოშობით ებრაელია და შეყვარებულია საქართველოზე და ქართულ სამზარეულოზე. ვაკის ობიექტის შეფ-მზარეული კი დიმიტრი კიტრიაშვილია.
„ფუმფულას“ მზარდი პოპულარობის შემდეგ, დამფუძნებლებს მომხმარებლისთვის იაპონური სამზარეულოს ფართო ასორტიმენტის შეთავაზება სურდათ. ამიტომ, მათ თიბისი სტარტაპერს მიმართეს და საკრედიტო ხაზის დამტკიცების შემდეგ მეორე ფილიალიც გახსნეს.
„ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის მზარდმა პოპულარობამ გადაგვაწყვეტინა, იაპონური სამზარეულოს უფრო ფართო ასორტიმენტით წარმოდგენა, რაც დიდ სახსრებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, დახმარებისათვის მივმართეთ თიბისი სტარტაპერს. წარუდგინეთ ჩვენი საქმიანობის მზარდი ბალანსური მონაცემები და მოვუწყვეთ იაპონური ფანქეიქების 10 სახეობის დეგუსტაცია, რამაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მოკლედ, ჩვენი საქმიანობა მოწონებული იქნა და დაგვიმტკიცდა საკრედიტო ხაზი, რამაც საშუალება მოგვცა, გაგვეხსნა ახალი ობიექტი ვაკეში, უკვე კაფე-ბარის ფორმატში, სადაც, იაპონურ ფანქეიქებთან ერთად, წარმოდგენილია გამორჩეული კერძი – იაპონური ჩიზქეიქი და იაპონური სამზარეულოს კერძების ფართო ასორტიმენტი, მათ შორის – გიოზა და ტემპურა. ასევე მოქმედებს ყავა-ბარი იაპონური გამაგრილებელი სასმელებით და გემრიელი კოქტეილებით“, – ამბობს დავით ჯანელიძე.