თამო კეშელავა: პროკურორს თუ წარმოუდგენია როგორ უნდა გაექცეს სამ კაცს ერთი ნაცემი, ნაწამები კაცი?

“41 წლის სამხედრო ნახეს ნაწამები, ნაცემი, ხეზე ჩამოკიდებული 11 იანვარს გორში, თავიდანვე ამბობდა ოჯახი, ეს არაა თვითმკვლელობაო და 1 თვის და 4 დღის მერე, პროკურატურამ, შეიღვიძა, თუ შეაღვიძეს და დააკავა 3 პირი.
ახლა მე მოგიყვებით, რას ამბობს პროკურატურა და ერთად ვიმსჯელოთ, რამდენად ლოგიკურია.
პირველი კითხვა მაშინ გამიჩნდა, როცა გარდაცვლილის დედა თვეზე მეტია ამბობს, ჩემი შვილი ხიდან ჩამოვხსენით თავგატეხილი, ნაცემი, და მოკლულია, 5 ადამიანი სცემდა, ვიციო და თვეზე მეტი პროკურატურა არც გაქანებულა, სანამ მედიამ არ გააშუქა ეს ამბავი. რამე შესაკერი იყო, ბიჭებო? რამე გასაბლანდი? სადმე თეთრი ძაფი დაგაკლდათ? აბა, რამეს ველოდებოდითი, ვერ იტყვით, ექსპერტიზის პასუხი ამწამსაც არაა ჯერ საქმეში. ეტყობა, ექსპერტმაც არ იცის ჯერ, რა უნდა დაწეროს?
პროკურატურა ამბობს, რომ გარდაცვლილი ემესიჯებოდა ქალს, და მას ამის გამო, საქმის გასარჩევად, სახლში დაადგა 3 სამხედრო, ოღონდ, ამ სამხედროებში, არც ერთი იყო ქალის ქმარი, პროკურატურა ამბობს, სამივენი იყვნენ ქალის ქმრის მეგობრებიო.
გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, 5 პირი სცემდა ჩემ შვილს, ვიციო. პროკურატურა ამბობს, 3 პირი დაადგა სახლში და არც ერთი იყო უშულოდ კონფლიქტში ჩართული პირი, მეგობრები იყვნენ მეორე მხარისო – მეორე კითხვის ნიშანი აქ გამიჩნდა. ქმარმა დაიძინა და მეგობრები გაგზავნა?
იქნებ, მართლა ხუთნი იყვნენ და ორი ვინმე ისეთია, ვისაც ახლობელი ჰყავს?
არ მომხდარა ეგეთი ჯერ?
მესამე კითხვის ნიშანი – სახლში რომ დაადგნენ, დაემუქრნენ, სამსახურში, ჯარში, არაფორმალური გავლენებითო, ანუ, ბიჭო, იმას დავურეკავ და დედას მოგი@@ნავსო, ხომ? ანუ, ჰყავდათ ისეთი ვინმე, ვისაც შეეძლო ამათი მუქარის ასრულება? ამ ხუთიდან, უკაცრავად, პროკურატურავ, წამომცდა, ამ სამიდან, რომელიმეს ჰყავდა გინდ –ში და გინდ ჯარში მაღალჩინოსანი, რომელიც საქმეებს ულაგებდა?
და ლუკა სირაძის საქმე გამახსენდა, ზუსტად ასე დაემუქრნენ ლუკასაც, შენ ძმას ჯარში პრობლემებს შვუქმნითო და მაშინაც გამოძვრა თავდაცვა, შსს–ც გამოძვრა ამ კუთხით.
მეოთხე – პროკურატურა ამბობს, სამმა სამხედრომ, ჯარისკაცი, ვისაც სახლში დაადგენენ, სცემაო, სასტიკად მოეპყრნენო, აწამეს, ანუ, აბა, სასტიკად მოპყრობა რამე სხვაა და არ ვიცი? მოერივნენ, ხომ, ლოგიკურად? რომ ვერ მორეოდა ეს სამი კაცი იმ ერთ სამხედროს, ხომ ვერ სცემდა? აქეთ გალახავდა, ხომ? და მერე უცებო, ეს გალახული, ნაცემი, კაცი, რომელსაც სასტიკად მოეპყრნენო, უცებ, წამოხტა და ამ სამ სამხედროს გაექცაო. სანამ ცემდნენ, ვერ გაექცა, არ შეეძლო, კარგად რომ “აცემინა” თავი, მერე მოიფიქრა გაქცევა? შეეძლო გაქცევა ცემამდე და არ გაიქცა? აა, ცემის შემდეგ შეძლო მხოლოდ გაქცევა? მხოლოდ ნაწამებმა შეძლო? კიდევ კარგი, გაექცა, თორემ, ამ სამს, ნაცემი ადამიანის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებისთვისაც ელოდათ მსჯავრი, ხომ?
და მერეო, რომ გაექცაო, და ეს სამი, ალბათ, რომ ვერ დაეწია, ტყეში ნახეს ჩამომხრჩვალიო, და ესე იგი, ამ სამმა სამხედრომ, ის ერთი ჯარისკაცი თვითმკვლელობამდე მიიყვანაო.
მიატოვეს ნაცემიო, ეგაც კი არა, ისე “გავიდნენ” ამჯერად, გაიქცაო…
ლოგიკურად გეჩვენებათ?
ბოლივუდის სცენარი მარტო მე მგონია?
თუ თავის მოკვლა უნდოდა, უკაცრავად, მაგრამ კლავდნენ ესენი აგერ მაინც, სამნი, სასტიკად ეყრობოდნენ და ცემდნენ და არც ანებებდნენ თავს, ის გაიქცა, ესენი ხომ არ გამოქცეულან…
პროკურორს თუ წარმოუდგენია როგორ უნდა გაექცეს სამ კაცს ერთი ნაცემი, ნაწამები კაცი? ბოლოს თავად როდის ირბინა პროკურორმა ჯანმრთელმა და უვნებელმა?
და ბოლოს, იმ სამს ადვოკატი ჰყავს საოცრება, დღეს თქვა, ძალადობის ფაქტიც კი არ არსებობს, ხელის გარტყმის გამო ვინ იკლავს თავსო, ანუ, ხელის გარტყმა ძალადობა არააო. დედა რომ ამბობს, გატეხილი ჰქონდა თავიო, უეჭველად წკიპურტით გაუტეხავდნენ, ხომ? მეორე მხრივ, ადვოკატი ამაზე მეტსაც იტყვის, რატომ არა, თუ საქმე ასე ნაბლანდია თეთრი ძაფით, პროკურატურა “წააგებს” საქმეს სასამართლოში, არ “დაამტკიცებს” არც იმ თვითმკვლელობამდე მიყვანას და ეგ იქნება, პირველად წაუგიათ, თუ რა? მათ ხელში არაა? თეთრად ნაკერს ხან იგებენ და ხან აგებენ, მათი ნება არაა?
მოკლედ, ასე, არ მჯერა პროკურატურის ამ ვერსიის.
ჩემი სამძიმარი მოკლულის ოჯახს.
ჩემი სამძიმარი ქვეყანას, რომლის პროკურატურაც ასეთი აბსურდული ვერსიის გაჟღერებას ბედავს, უკვე მერამდენედ,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი ჯარისკაცის დედა, ნაზი ტატალაშვილი ფიქრობს, რომ მისი შვილი მოკლეს. მისივე ინფორმაციით, ინციდენტის დროს ირაკლი აფრიამაშვილთან 5 ადამიანი იყო მისული, დაკავებული კი მხოლოდ სამია. ნაზი ტატალაშვილი ყველა დამნაშავისთვის შესაბამისი ბრალის წარდგენას და მათ დასჯას ითხოვს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გორში ნაპოვნი გარდაცვლილი სამხედრო დათხოვნაში იმყოფებოდა.სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ