ვილი სანიოლი: ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა, დიდი მადლობა ბიჭებს

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„წარსულში შეიძლება ბევრი ფიქრობდა, რომ საქართველოს ნაკრები უნდა დამეტოვებინა, მაგრამ სწორედ ამის ახსნას ვფიქრობდი, რომ შედეგის მიღწევას დრო სჭირდება, თვეები, წლები. წასვლაზე აქამდე არ მიფიქრია, რადგან აქ თავს კარგად ვგრძნობ, პროფესიონალებთან მუშაობა მიწევს და ჩემთვის აქ ყოფნა სასიამოვნოა.

განსხვავება ფეხბურთელობასა და მწვრთნელობას შორის? ფეხბურთელი თავის შედეგებს მყისიერად აფასებს, შედეგსაც მოედანზე იღებს, მწვრთნელს გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ყველაფერი უნდა შეაფასოს, გათვალოს და დაახარისხოს. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს შედეგი გამოიღო ჩვენმა სამწლიანმა მუშაობამ.

პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ, მაგრამ არასდროს იცი ვინ დაასრულებს თამაშს და შესაბამისად, ვინ დაარტყამს. ამიტომ, ბიჭებთან პენალტების წინ ინდივიდუალურად ვისაუბრეთ. ქოჩორაშვილმა თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ პირველ პენალტს დაარტყამდა, რაც არ გამიკვირდა, რადგან ძალიან ძლიერი ხასიათის პიროვნებაა და ნაკრებში მისი გამოჩენის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, ის გუნდის ლიდერია.

ზოგადად არ მინდა ფეხბურთელები გამოვარჩიო, მაგალითად, დვალმა ფანტასტიკურად ითამაშა და მისი პენალტი ამსახველია იმ თამაშის, რომელიც ჰქონდა. ასევე უნდა გამოვყო ზუკა, მიქაუტაძეც. აუცილებლად უნდა ვთქვა კვეკვესკირზე, მან ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების მერე ყველაზე მეტი იტირა, ბოლო დროს ნაკრებში ბევრი თამაში არ უწევს, მაგრამ ბოლო მივიდა ბურთთან და გაიტანა, ეს აჩვენებს მის ძლიერ ხასიათს და უბრალოდ კარგი ისტორიაა.  ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა. დიდი მადლობა ბიჭებს“, – განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება და ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე დღეს „ქართული ოცნება“ აყენებს, რუსული კანონის მიზანიც ესაა – წარმოუდგენელია დავუშვათ პრეცედენტი, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს