დღეიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, ამოქმედდება ჯარიმები – გვანცა ჟორჟოლიანი

დღეიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ამ ცვლილებების თანახმად, წინასწარი თანხმობის გარეშე მობილური ოპერატორები და მათ შორის sms კონტრაქტორი კომპანიები მოქალაქეების მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ვეღარ გამოიყენებენ. ასევე, ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას და კერძო კომპანიების ნაწილს, ეკისრება ვალდებულება, ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერიც.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შესული ცვლილებების შესახებ, „რადიო კომერსანტის“ ეთერში, იურისტმა და სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული, ძირეულ ცვლილებებს გულისხმობს. ამ ცვლილებებიდან სამი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველი, ბაზარზე ახალი პროფესიის, პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის შემოსვლას ეხება. კანონი კომპანიებს არ ავალდებულებს, რომ პერსონალურად დანიშნონ ოფიცერი, მათ შეუძლიათ დაიქირაონ კომპანიები, რომლებიც მომსახურებას გაუწევენ.
„კანონში შესულია ცვლილებები, რომელიც 1 მარტიდან ძალაში შევა. ეს ყოველივე ძირეულ ცვლილებებს გულისხმობს. 3 ძირითად მიმართულებაზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი – შემოდის ახალი პროფესია ბაზარზე, რასაც ჰქვია პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი ჰქვია.
კანონმა განსაზღვრა ის კომპანიები და ორგანიზაციები, რომელთაც ევალდებულებათ ჰყავდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ესაა ბანკები, საჯარო დაწესებულებები, საფინანსო ორგანიზაციები, ფინანსური ბიუროები, სადაზღვევო კომპანიები, საავადმყოფოები, რომლებსაც 10 000-ზე მეტი პაციენტი ჰყავთ, ასევე საკომუნიკაციო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ დიდი რაოდენობის პერსონალურ მონაცემებთან წვდომა. სწორედ მათ ევალდებულებათ დანიშნონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
ეს ახალი პროფესიაა და ჩამოყალიბებულ კადრად არ გვყავს. უნდა დაიწყოს გადამზადებები, რადგან მკაცრად არაა განსაზღვრული რა ვალდებულებები და ფუნქციები უნდა ჰქონდეს მას. (როგორც კანონი გვეუბნება, მან უნდა იცოდეს პერსონალური დაცვის შესახებ კანონი, უნდა ფლობდეს ევროკავშირის საერთაშორისო აქტებს და გამოცდილება უნდა ჰქონდეს, რასაც პრაქტიკაში განახორციელებს).
ეს კანონი კომპანიებს არ ავალდებულებს რომ პერსონალურად დანიშნონ ოფიცერი, მათ შეუძლიათ დაიქირაონ კომპანიები, რომლებიც მომსახურებას გაუწევენ.
კანონი მკაცრად განსაზღვრავს იმ კომპანიებს, რომლებსაც ევალდებულებათ ჰყავდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. თუმცა, კანონი ასევე განმარტავს, რომ ნებისმიერ ბიზნესს, კომპანიას, ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლია დანიშნოს და ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რაც არ არის სავალდებულო, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ“.
როგორც იურისტმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის თანხმობის გარეშე, კომპანია გაუგზავნის მას სარეკლამო შეტყობინებას, ამოქმედდება ჯარიმების სისტემა 2000 და 3000 ლარის ოდენობით.
„მეორე ცვლილება ეხება sms და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნას მომხმარებლების (სუბიექტების) თანხმობის გარეშე. კანონმა პირდაპირ განსაზღვრა მარკეტინგის ეს პირდაპირი ფორმა რა შეიძლება იყოს. ესაა, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ი-მეილი (ფოსტით ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება საქონლის, იდეის, მომსახურების შესახებ).
მაგალითად, თუ 2 მარტს მოქალაქეებმა მიიღეს სარეკლამო შეტყობინებები და მათ არ ჰქონდათ თანხმობა წინასწარ, წერილობით განსაზღვრული, კანონმა განსაზღვრა ჯარიმის ოდენობა.
დიფერენციაცია გაკეთდა იმ კომპანიების, რომელთაც წლიური ბრუნვა აქვთ 500 000 ლარამდე და 500 000 ლარს ზემოთ.
კანონი გვეუბნება, რომ კომპანიებს, ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ან მაგალითად საქართველოში რეგისტრირებულ უცხოურ ფილიალს, რომელსაც აქვს ბრუნვა 500 000 ლარზე ნაკლები, ჯარიმის ოდენობა ესაზღვრება 2 000 ლარის ოდენობით. მაგრამ, თუ წლიური ბრუნვა 500 000 ლარს ზემოთ აქვს, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 3 000 ლარის ოდენობით“.
გვანცა ჟორჟოლიანის თქმით, ცვლილება ეხება საჯარო ან კერძო სივრცეში აუდიო და ვიდეო ჩანაწერებსაც.
„მესამე ცვლილება ეხება საჯარო ან კერძო სივრცეში აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს. ისაზღვრება აუდიო და ვიდეო მონიტორინგის წესი.
აქამდე ერთი სიმბოლო საკმარისი იყო იმისთვის, რომ ყოფილიყო განცხადება ორგანიზაციაში, კომპანიაში აუდიო ან ვიდეო მონიტორინგის შესახებ.
ახლა ეს ყველაფერი საკმარისი არაა და მომხმარებელი ან ფიზიკური პირი, რომელიც შედის ორგანიზაციაში ან დაწესებულებაში, სადაც მიმდინარეობს აუდიო მონიტორინგი, ან ვიდეო მონიტორინგი, პერსონალური დაცვის ოფიცერი ვალდებულია ის საქმის კურსში ჩააყენოს“.
სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი იმ კომპანიებსაც შეეხებათ, რომლებიც საქართველოში არიან რეგისტრირებულები, მაგრამ წარმოადგენენ უცხოური კომპანიის ფილიალს.
„საქართველოში არსებული უცხოური კომპანიების ფილიალებზეც ვრცელდება აღნიშნული კანონმდებლობა და სავალდებულოა მათაც დაიცვან აღნიშნული ნორმები“.
მან, ასევე, როგორც ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერმა, ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის არსებობის აუცილებლობაზე კომპანიაში.
„პერსონალური ინფორმაციის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება სამშენებლო ბიზნესია, სადაც 150-200 ადამიანი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი მთავარი ფუნქციაც და ვალდებულებაც არის ის, რომ შევუქმნათ სტაბილური მუშაობის გარანტია.
ერთ-ერთი სტაბილური სამუშაოს გარანტია პერსონალური მონაცემების დაცვაა. როდესაც სამსახურის მაძიებელი ჩვენთან მოდის, უკვე აქედან იწყება პერსონალური დაცვის ვალდებულება, ვინაიდან ის გიზიარებს პერსონალურ ინფორმაციას, როგორც დამსაქმებელს.
ჩვენთან დაგეგმილია ძალიან კარგი პლატფორმა, სადაც შრომითი უსაფრთხოების მენეჯერს ჰქონდა ეს მოვალეობა შეთავსებული. უკვე, ჩვენც დავნერგავთ პერსონალური დაცვის ოფიცრის მიმართულებას.
ჩვენთან როგორც კი თანამშრომელი ასრულებს მუშაობას, შრომითი უსაფრთხოების მენეჯერი ავტომატურად ანადგურებს იმ მონაცემებს, რაც არის დაკავშირებული პერსონალურ ინფორმაციასთან“.
იურისტის თქმით, კანონი საჭიროებს დამატებით განმარტებას პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის მოთხოვნა-მოვალეობებზე.
„პერსონალური დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის გააქტიურება იწყება 2024 წლის 1 ივნისიდან. 1 ივნისს ყველა კომპანიას უკვე რეგისტრირებული უნდა ჰყავდეს პერსონალური დაცვის ოფიცერი და შეტყობინება ჰქონდეთ გაგზავნილი პერსონალური დაცვის სამსახურთან, რომ მათ დანიშნეს ოფიცერი, კონკრეტულ პოზიციაზე.
პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის თანამდებობა საჭიროებს მეტ განმარტებას, რა ევალება მას, რომელ პროფესიას ვთხოვთ. ამისთვის კარგი იქნება, კანონმა დამატებით განმარტება გააკეთოს პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის მოთხოვნა-მოვალეობებზე. უფრო მეტი დეტალი და განმარტებაა შესატანი, გასაგები რომ გახდეს მისი მოვალეობები“.