დუბაიში გამართულ მსოფლიო პოლიციის სამიტზე პირველი უპილოტო მფრინავი შუქნიშანი წარმოადგინეს

Khaleej Times-ის გავრცელებული ინფორმაციით, დუბაიში გამართულ მსოფლიო პოლიციის სამიტზე (WPS) პირველი უპილოტო მფრინავი შუქნიშანი წარმოადგინეს. ეს არის ჩვეულებრივი შუქნიშნისა და კვადკოპტერის ჰიბრიდი. უახლოეს მომავალში მოწყობილობას ადგილობრივი პოლიცია გამოიყენებს.
მფრინავი შუქნიშნის განთავსება იგეგმება გადატვირთულ გზებზე, სადაც ხშირია საცობები. მისი გამოყენება დაგეგმილია გადაუდებელი შემთხვევების და გზებზე არსებული შუქნიშნების გაფუჭების შემთხვევაში.
„ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც იმპროვიზირებული შუქნიშანი საგანგებო სიტუაციებში ან როდესაც შუქნიშანი ზიანდება გზაჯვარედინზე,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
შუქნიშნის კორპუსი 3D პრინტერითაა დაბეჭდილი და მასზე ხელმისაწვდომია მხოლოდ მწვანე და წითელი ფერები, რათა სასწრაფოდ აიკრძალოს ან დაუშვას გზაზე მოძრაობა. შუქნიშანში ჩაშენებული ბატარეა უძლებს ფრენის 25 წუთს.