დავით ბერძენიშვილი – ევროპას სურს მაქსიმალური გაფართოება, მაგრამ გადაწყვეტილებას კონკრეტულ ვადებში ვერ მიაღწევს, თუ ჩვენი მთავრობა ევროკავშირში მტრების ძებნას დაიწყებს

ევროპას სურს მაქსიმალური გაფართოება – ისინი სტრატეგიულ გადაწყვეტილებას კონკრეტულ ვადებში ვერ მიაღწევენ, თუ ჩვენი მთავრობა და სხვა მთავრობები ევროკავშირში მტრების ძებნას დაიწყებენ , – ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველოსნაირი „პრობლემური ქვეყნები“ 2030 წლისთვის შეიერთოს.
„ევროკავშირს სტრატეგიულად გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩვენნაირი პრობლემური ქვეყნები 2030 წლისთვის შეიერთოს. ევროპას სურს მაქსიმალური გაფართოება, მანამდე, ალბათ, ერევანიც წამოგვეწევა. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოთხოვნები მინიმალური იყოს და ისინი დავაკმაყოფილოთ. ისინი სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ამ ვადებში ვერ მიაღწევენ, თუ ჩვენი მთავრობა და სხვა მთავრობები ევროკავშირში მტრების ძებნას დაიწყებენ. ჩვენი ხელისუფლება ძალიან მარტივი და მდარე არგუმენტებით ელაპარაკება საკუთარ მოსახლეობას, რომ ყველაფერს აკეთებენ და სა და მოლდოვაზე ბევრად უკეთესები არიან“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
გარდა საგარეო კუთხით საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებისა, მან გადაცემაში ისაუბრა შიდა პოლიტკაზე, კერძოდ, ოპზიიციურ სპექტრზეც.
„ყველა არჩევნებში ოპოზიციას ჯამურად მილიონზე მეტი ხმა აქვს, მაგრამ 200 000 ხმა ან მეტი ბარიერს მიღმა რჩება. ოპოზიციაში ნელ-ნელა გამსხვილების პროცესი დაიწყო. შემოდგომისთვის დაახლოებით 15 პარტია ამბობდა, რომ ბარიერზე პრობლემა არ ჰქონდა. ახლა მხოლოდ 4-5 პარტია ამბობს ასე. თუ 4 ნომერი და 9 ნომერი ფართო პლატფორმის საფუძველი არ გახდება, თუ ჩაკეტილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრებით იქნებიან დაკომპლექტებულები, მაშინ დანარჩენი პარტიები, რომლებიც როგორც ახლა, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც ოპოზიციაში იყვნენ, ერთად ეცდებიან პოლიტიკური პლატფორმის შექმნას. უნდა გადაილახოს „ყოფილი ნაცი“, „ყოფილი ანტი-ნაცი“ და თანამედროვე კრიტერიუმების შესაბამისად, პოლიტიკური ცენტრები შეიქმნას. „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალური ბაზა, რაოდენობრივად „არანაციონალური“ ოპოზიციის ბაზას ჩამორჩება. ბოლო არჩევნებში პატარ-პატარა პარტიებს ჯამურად იმაზე მეტი ხმა აქვთ აღებული, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა გადაცემაში.

ასევე დაგაინტერესებთ