„გუდაურში – წარმატებული, ბაკურიანში – საშუალო, მესტიაში – პესიმისტური, გოდერძიზე – ძალიან ცუდი ზამთრის სეზონი გვქონდა”

საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის თქმით, წლის პირველ კვარტალში თბილისის სასტუმროებში დატვირთულობის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა. „საქმიანი დილის“ ეთერში 2024 წლის პირველი მეოთხედის ტურიზმში არსებული მდგომარეობის შეფასებისას, ის ამბობს, რომ ზამთრის სეზონი სამთო კურორტებზე განსხვავებული წარმატებით მიმდინარეობდა. ყველაზე მეტი ტურისტი წელს გუდაურს ჰყავდა, ყველაზე აქტიური ქვეყანა კი იყო.
„სხვადასხვა რეგიონების მიხედვით სხვადასხვანაირი შედეგები გვქონდა. თბილისში დატვირთულობის კოეფიციენტის 15-20%-იანი მატება გვაქვს, რაც ძალიან კარგია, თუმცა საშუალო შეწონილი ფასი ვერ გაიზარდა.
გუდაურში წარმატებული ზამთრის სეზონი გვქონდა, ბაკურიანს საშუალო, შარშანდელს ჯობდა. პესიმისტური სეზონი ჰქონდა მესტიას და ძალიან ცუდი გოდერძის, აქედან გამომდინარე ერთ ჯამში ვერ მოვაქცევთ ყველას, თუმცა დადებითი ტენდენცია ნამდვილად არის. თურქეთის შემთხვევაში მძღოლების სტატისტიკას არ ვთვლი, ტურისტებად ძირითადად ჩამოდიან ისრაელიდან. დიდი ზრდა იყო ზამთარში და განსაკუთრებით გუდაურში. უმეტესად ახალგაზრდები მოგზაურობდნენ, რაც ასევე ახალი ტენდენციაა, ანუ მათ დაიწყეს რესტორნების და ბარების მოხმარება, რაც ასევე ძალიან კარგია. დასავლეთ ევროპიდანაც გააქტიურდნენ სტუმრები და ასევე ე.წ. გალფის ქვეყნები, რომლებიც 2-3 დღე რჩებიან, თოვლს ნახულობენ და მიდიან“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.