გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” 2016 წელს ნინო ბაქრაძემ და ნინო გაგუამ შექმნეს. ორივე დამფუძნებელი მანამდე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელისთვის, OCCRP-სთვის მუშაობდნენ. “აი, ფაქტი” შექმნიდან დღემდე OCCRP-ის წევრია, 2020 წელს კი გახდა “საგამოძიებო ჟურნალისტიკის გლობალური ქსელის” (GIJN) წევრი.

საერთაშორისო საგამოძიებო ქსელების წევრობა “აი, ფაქტს” ავალდებულებს მაღალი ჟურნალისტური სტანდარტით მუშაობას. ეს გულისხმობს ობიექტურობის, სიზუსტის, ბალანსისა და ეთიკური ნორმების დაცვას ყველა სიტუაციაში.

“აი, ფაქტის” გუნდი 15 ადამიანისგან შედგება, ნაწილი მუშაობს თბილისში, ნაწილი კი ქუთაისში და აშუქებენ იმერეთის რეგიონის პრობლემებს.

ორგანიზაციის შექმნისას დამფუძნებლების მიერ დასახულ მისიასა და მიზნებს “აი, ფაქტი” პირნათლად ემსახურება. დღემდე ეს მედიასაშუალება იძიებს კორუფციის, ნეპოტიზმის, კანონდარღვევისა და რუსული დეზინფორმაციის საკითხებს. ქმნის მიუკერძოებელ და სიღრმისეულ მასალებს, რომელიც ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას აწვდის საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას.

“აი, ფაქტის” ჟურნალისტები ხშირად თანამშრომლობენ უცხოელ კოლეგებთან და მათთან ერთად იძიებენ საერთაშორისო თემებს, რომელსაც საქართველოზეც აქვს გავლენა. მაგალითად, ასეთი იყო “პანამის” და “პანდორას დოკუმენტები,” “ბავშვების მაკლერი” და სხვა.

წმინდად ჟურნალისტურ საქმიანობასთან ერთად, “აი, ფაქტის” გუნდი ცდილობს, ხელი შეუწყოს საქართველოში ჟურნალისტების განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. ამ მიზნით ორგანიზაცია თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან და თავადაც ქმნის სალექციო კურსებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებსაიტს: https://ifact.ge