ანა ნაცვლიშვილი – „ქართულ ოცნებას“ ეშინია საკუთარი მოქალაქეების, განსაკუთრებით მედიასაშუალებების და სწორედ ამიტომ არის შეზღუდული პარლამენტში მათი ყოფნა – ეს არის მკაფიო ილუსტრაცია, რა მოხდება რუსული კანონის მიღების შემთხვევაში

ჯერ კანონი ამოქმედებული არ არის და ჟურნალისტების ნაწილი უკვე არ არის დაშვებული საქართველოს პარლამენტში – ზუსტად ეს არის ძალიან მკაფიო ილუსტრაცია, რა მოხდება „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია საკუთარი მოქალაქეების ხმის გაგონების, განსაკუთრებით კი, მედიასაშუალებების ეშინიათ და სწორედ ამიტომ არის ეს შეზღუდვა.
„მინდა სრული პატივისცემა და სოლიდარობა დავუდასტურო მედიასაშუალებებს. სამარცხვინოა, რომ დღეს, „ქართული ოცნება“ აპირებს „რუსული კანონი“ განიხილოს საქართველოს პარლამენტში და ეს გააკეთოს, რა თქმა უნდა, რუსულ სტილში. ჯერ კანონი ამოქმედებული არ არის და თქვენი კოლეგების, საზოგადოების თვალი და ყური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე არ არის დაშვებული საქართველოს პარლამენტში, ხალხის ორგანოში. ეს არის ზუსტად ძალიან მკაფიო ილუსტრაცია, რა მოხდება „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში. აი, ასე დაიწყება თანდათან და აიკრძალება ყველა, ვისაც ექნება თავისუფალი, განსხვავებული სიტყვის თქმის და საზოგადოებამდე მიტანის სურვილი. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას, ნუ გეშინიათ, საკუთარი მოქალაქეების ხმის გაგონების. ვიცით, რომ ძალიან ეშინიათ და განსაკუთრებით, მედიასაშუალებების ეშინიათ, ამიტომ არის ეს შეზღუდვა,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ – ვერც ერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, მათ შორის ვერც “ინტერპრესნიუსის” აკრედიტებული კორესპონდენტები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას და ადგილზე მუშაობას ვერ შეძლებენ.