გორის ცენტრში აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილები არიან ახალგაზრდები, სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით გადაინაცვლეს “ქართული ოცნების” გორის ოფისთან, მსვლელობის პარალელურად, გორელებს შეძახილით – „გამოდით“- მოუწოდებენ, რომ აქციას შეუერთდნენ.
მომიტინგეებს უჭირავთ შემდეგი შინაარსის პლაკატები: „ნუ სცემთ ჩვენს შვილებს“, „გორი არ იქნება სარატოვი“, „გორი მხოლოდ სპეცრაზმი არ არის“.
აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცავები. პოლიციამ აქციის მონაწილეების უსაფრთხოდ მსვლელობის უზრუნვლსაყოფად, სტალინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერა.
“მოყვარე ვერასდროს გახდება, ვინც ჩვენს თანამოქალაქეებს ბომბავდა, ამიტომ, მტერს დაერქვას მტერი, მოყვარეს – მოყვარე, ჩვენ დღეს არ გვყავს ლეგიტიმური ხელისუფლება სპეცრაზმელებს არის ამოფარებული, რომლებმაც არც კი იციან, რას აკეთებენ, არ იციან, რომ არ უნდა შეასრულონ უკანონო დავალება, უბრალოდ, სისტემის მსხვერპლნი არიან, საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობისკენ უბიძგებენ, ეს უბედურება უნდა დამთავრდეს, არალიგიტიმური ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს მმართველობას და დალაგდება ყველაფერი. ჩვენ ხალხს არაფერი გვაქვს გასაყოფი. არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და მერე ყველაფერი მოგვარდება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ტურაშვილმა.
