TI-საქართველო: ბაჩიაშვილის ბრალი მოკლებულია იურიდიულ და ფაქტობრივ საფუძვლებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ შეფასებით, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება მოკლებულია როგორც იურიდიულ, ისე ფაქტობრივ საფუძვლებს.
„ყოველ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას მისცემდა ნებისმიერ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ტრიბუნალს ბაჩიაშვილი დამნაშავედ ეცნო“, — აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.
არასამთავრობო ორგანიზაცია მიმოიხილავს ბაჩიაშვილის საქმეს. ბიზნესმენს ბრალი ედება დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება და ფულის გათეთრება და 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„აქამდე წარმოებული მრავალრიცხოვანი სისხლის სამართლის საქმეებისგან, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, რეჟიმის მორჩილი სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების გამოყენებით, უკანონო და დაუსაბუთებელი ბრალდების საფუძველზე წარმართულა, ალბათ არცერთი არ ასახავს ივანიშვილის კერძო და პირად ფულად ინტერესს ასე მკაფიოდ და დაუფარავად, როგორც ბაჩიაშვილის საქმე. ბრალდების პოზიციის სისუსტე და ბრალდების მტკიცებულებათა სიმცირე ამ საქმეში იმდენად თვალსაჩინოა, რომ ნებისმიერ, მეტ-ნაკლებად სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ სისტემაში, ასეთი ბრალდების წარდგენაც კი წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არაფერი ვთქვათ, სასამართლოში საქმის წარმოებაზე. ბრალდების მხარის მითითებები ბრალდების ფაქტობრივ კომპონენტზე მართებულიც და დამტკიცებულიც რომ ყოფილიყო, რასაც სინამდვილეში ადგილი არა აქვს, საუკეთესო შემთხვევაში, ისინი სამოქალაქო დავის საგანი უნდა გამხდარიყო და არა სისხლისსამართლებრივი დევნისა“, — მიიჩნევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.
TI-საქართველო მიუთითებს, რომ საქმეში არსებობს დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს თუ „ქართუ ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის მიერ როგორ იქნა მიღებული გადაწყვეტილებები ბაჩიაშვილის კომპანიისთვის ორი — თითოეული 2.5 მილიონი დოლარის ოდენობით — სესხის გაცემის შესახებ. საქმის მასალებში ასევე მოიპოვება შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებები და კრედიტების დაფარვის შესახებ მტკიცებულებები.
დაცვას ასევე წარდგენილი აქვს სატელეფონო ჩანაწერი ბაჩიაშვილსა და ივანიშვილს შორის, რომელიც 2015 წლის 30 ივლისს შედგა. სატელეფონო ჩანაწერი მთლიანად ეხება „ქართუ ბანკის” მიერ ბაჩიაშვილის კომპანიისთვის სესხის გაცემას, თუ რაოდენ სკეპტიკურად იყო განწყობილი ბანკის ხელმძღვანელი ნატო ხაინდრავა ამ სესხის მიზანშეწონილობის თაობაზე და რა დამატებითი წინადადებები უნდა შეეთავაზებინა ბაჩიაშვილს ხაინდრავასთვის, რათა ბანკის სკეპტიციზმი აღმოფხვრილიყო. სწორედ ამ სატელეფონო საუბრის დროს შესთავაზა ივანიშვილმა ბაჩიაშვილს, რომ ხაინდრავას სკეფსისის დაძლევისა და ბანკის რისკების დაზღვევის მიზნით, სესხზე დარიცხული პროცენტის გარდა, ბაჩიაშვილს ბანკისთვის გადაეცა ბაჩიაშვილის მიერ მაინინგში ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული „მოგების” რაღაც ნაწილი, რომელიც ხაინდრავასთვის მისაღები იქნებოდა.
„საქმის მასალებში არ მოიპოვება დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ივანიშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგში ვითომდაც განხორციელებული ინვესტიციის რეალურ არსებობას“, — აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.
ორგანიზაციის თანახმად, მთავარი კითხვა, რომელიც ამ საქმეში ღიად რჩება, არის ის, წარმოადგენდა თუ არა ბაჩიაშვილის კომპანიისთვის „ქართუ ბანკის“ მიერ გაცემული 5 მილიონი აშშ დოლარის სესხი ივანიშვილის ინვესტიციას ბიტკოინებში, რომლის სანაცვლოდაც ბაჩიაშვილი ვალდებული იყო ივანიშვილისთვის გადაეცა ამ თანხის პროპორციულად გამომუშავებული ბიტკოინები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ხაზს უსვამს, რომ ინვესტიციის დამადასტურებელი დოკუმენტების საქმეშ არ არის.