TI: მთავრობა GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს თქმით, საქართველოს მთავრობა პირველად აცხადებს უარს ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნებაზე.
აქამდე 2024 წლის 18-22 მარტს, სტრასბურგში, GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში, რომელმაც შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები.
“სახეზე გვაქვს საშიში და საგანგაშო ტენდენცია, როცა საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის პროცესში მონაწილეობაზე ან/და შეფასებების საჯაროდ გამოქვეყნებაზე. შარშან საქართველოს მთავრობამ 20 წლის მანძილზე პირველად ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგზე უარი უთხრა – OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესში დაბრუნებისკენ ევროკომისია პირდაპირ მოგვიწოდებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭო პროცედურულად უშვებს შეფასების ანგარიშების საჯაროდ ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მას მხოლოდ ისეთი ქვეყნის მთავრობები იყენებენ, სადაც კორუფცია განსაკუთრებული პრობლემაა.
მოვუწოდებთ, ანტიკორუფციულ ბიუროს დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს GRECO-ს შეფასების ანგარიში და ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, შეუერთდნენ OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესს”. – წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო-ს განცხადებაში.