შოთა შალელაშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში

„თაობები – საქართველოდან“ ლიდერის, შოთა შალელაშვილის განცხადებით, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დგას.
როგორც შალელაშვილი აღნიშნავს, ის პოლიტიკიდან დისტანცირებული არც არასდროს ყოფილა და უბრალოდ, აქტიურად არ იყო პოლიტიკაში ჩართული. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის ბოლო მცდელობა 2019 წელს ჰქონდა, ახლა კი ფიქრობს, რომ ივანიშვილი „მისი გარემოცვის და მისი სურვილების“ მძევალია, რომელიც მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობს.
შალელაშვილის თქმით, ახლა მმართველი პარტიის დამფუძნებელთან დაკავშირებაც რომ სცადოს, თავად ივანიშვილისთვის არ იქნება საინტერესო მასთან კომუნიკაცია, რადგან ის გამოსავალს არ ეძებს.
„მე დავტოვე „ქართული ოცნება“ და არც ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას. 2020 წელს რატომღაც მეგონა, რომ ოპოზიცია უფრო ძლიერი იქნებოდა და თუ ხელისუფლებას ვერ გაუშვებდნენ სახლში, რაღაც გავლენა ექნებოდა. ოპოზიციამ მოლოდინიც ვერ გააჩინა, რომ ქვეყანაში რამე შეიცვლებოდა. არ შემიძლია გულგრილად ვუყურო კიდევ ოთხი წლით ისევ ამ ჭაობში დარჩენას და შემდეგ ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი წლით. ამან განაპირობა [პოლიტიკაში გააქტიურება]“, – აცხადებს შალელაშვილი.
აღნიშნულ ინფორმაციას „თაობები – საქართველოდან“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ