შეწყდება თუ არა ბრძოლა ღაზაში 30 დღით?

ს თავდაცვის ძალები ღაზის სამხრეთით ქალაქ ხან იუნისს უტევენ. გაეროს მონაცემებით, ამ დროისთვის ქალაქში ნახევარი მილიონი ადამიანი რჩება. ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ევაკუაციის პროცესი დაიწყო, პარალელურად კი ქალაქის დასავლეთ ნაწილში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
შესაძლოა ღაზის სექტორში ცეცხლი 30 დღით შეწყდეს, ინფორმაციას ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. წყაროების ცნობებზე მითითებით, გამოცემა წერს, რომ მოლაპარაკებები “ჰამასსა” და ისრაელს შორის “წინ მიიწევს”, მოლაპარაკების პროცესში კი კატარი, ამერიკა და ეგვიპტე არიან ჩართულნი.
არსებული ინფორმაციით თუ შეთანხმება შედგება, აუცილებელი წინაპირობა იქნება „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი ყველა ადამიანის გათავისუფლება და ასევე ისრაელის მხრიდან პატიმრობაში მყოფი პალესტინელების გათავისუფლება.
ისრაელის წარმომადგენელი ეილონ ლევი ამბობს, რომ ისრაელი არ გეგმავს ცეცხლის შეწყვეტას იმ პირობებში თუ ღაზაში „ჰამასის“ ხელისუფლება დარჩება“.
ღაზაში „ჰამასის“ გავლენის შენარჩუნების წინააღმდეგია ვაშინგტონიც. თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს დროებით პაუზას მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, თუმცა არ მოუწოდებს ისრაელს მოლაპრაკებებისკენ. ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრი ევროპული ქვეყნის მსგავსად, „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული.
„ჰამასის“ მებრძოლები ამბობენ, რომ არ მისცემენ უფლებას არავის ჩაერიონ მათ საქმეებში.
ბრძოლები ქალაქ ხან იუნისში
სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ შეთანხმების პროცესი წინ მიიწევს, თუმცა ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს ისრაელი კვლავ აგრძელებს. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სამხრეთში ქალაქ ხან იუნისს უტევენ.
ქალაქს თავს ასობით ათასი დევნილი პალესტინელი აფარებს. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც მანამდე იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილი, სადაც „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის პირველი ეტაპი მიმდინარეობდა.
ისრაელი, მოუწოდებს მშვიდობიან პალესტინელებს დატოვონ ქალაქ ხან იუნის ტერიტორია და გადაინაცვლონ უსაფრთხო ადგილზე. გაეროს მონაცემებით ამ დროისთვის ქალაქში ნახევარი მილიონი ადამიანი იმყოფება. ევაკუაციის პროცესს ართულებს ისიც, რომ ისრაელს ჩაკეტილი აქვს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსკენ მიმავალი გზა, რომელსაც პალესტინელები საევაკუაციოდ იყენებდნენ.
ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ევაკუაციის პროცესი დაიწყო და ის რთულ ვითარებაში მიმდინარეობს, რადგან პალესტინელებს შემოვლითი გზების გამოყენება უწევთ. პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ ქალაქ ხან იუნისის დასავლეთ ნაწილში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
„ჰამასის“ მებრძოლები, რომლებიც ასევე იმყოფებიან ქალაქში ამბობენ, რომ შეტაკებების ძირითადი ეპიცენტრი ქალაქის დასავლეთ და სამრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებია.
ისრაელი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ომის განმავლობაში მათ “ჰამასის” 9000-მდე მებრძოლი მოკლეს, თუმცა ამ ინფორმაციას, „ჰამასი“ არ ადასტურებს.
მიმდინარე ბრძოლების პარალელურად „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყებები ღაზაში მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას აახლებენ. ახალი მონაცემებით, ომის დროს ღაზის სექტორში დაღუპულია 25 000-ზე მეტი ადამიანი, ბოლო 24 საათში კი – 210 ადამიანი.
„ჰამასს“ ისრაელმა ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც „ჰამასის“ მებრძოლები 7 ოქტომბერს ისრაელს დაესხნენ თავს და მძევლად აიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმას 1400-მდე ადამინი შეეწირა. ამის შემდეგ კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ იწყებდა ომს რომლის მიზანიც „ჰამასის“ განადგურება და მძევლების გათავისუფლება იქნებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო