თეა წულუკიანი: ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა, რომლის ნაწილი არიან ხელოვანები და სპორტსმენები, ჩვენთან ერთად მიდიან ევროკავშირის გზაზე

ჩვენი სისტემა არის სტაბილური. 30-მდე სახელმწიფო თეატრი მოღვაწეობს ჩვენი სისტემის ფარგლებში და რასაკვირველია ერთეულ ადამიანებს არავინ უზღუდავს გამოხატონ თავიანთი აზრი. არის ასეთი, დავით დოლიაშვილი, რომელიც თუ გაწიწმატდა მტერსა და ავს. გაწიწმატდა და თქვა რასაც ფიქრობს. ამაში არანაირი პრობლემა არ არის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ის, რომ ოკუპანტია, ამას თუ ვინმე თეატრის სცენიდან იტყვის, შეიძლება რომ ამას არ დავეთანხმოთ?! მთელი ჩვენი საქმიანობა და მათ შორის ჩემი, ჯერ კიდევ სტრასბურგის სასამართლოში 10-წლიანი კარიერის განმავლობაში და შემდეგ იუსტიციის სამინისტროში, ეძღვნებოდა სწორედ იმას, რომ ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა ჩვენ გაგვეკეთებინა და გავაკეთეთ, რომ რუსეთს სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი და ვთქვით, რომ მათ მათ განახორციელეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების ეთნიკური წმენდა.

სხვა მხრივ, ყველა თავისუფალია თავის მოსაზრებებში, მაგრამ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა, რომლის ნაწილი არიან ხელოვანები და სპორტსმენები, ჩვენთან ერთად მიდიან ევროკავშირის გზაზე, ჩვენთან ერთად ფიქრობენ რომ რუსეთი ოკუპანტია“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ