ირაკლი ლექვინაძე – არსებობს მედიკამენტების ჭარბი მოხმარების, ასევე რეცეპტის გამომწერსა და მედიკამენტის შემომტან კომპანიას შორის არაკეთილსინდისიერი გარიგების ბევრი ფაქტი

არსებობს მედიკამენტების ჭარბი მოხმარების, ასევე რეცეპტის გამომწერსა და მედიკამენტის შემომტან კომპანიას შორის არაკეთილსინდისიერი გარიგების ბევრი ფაქტი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა.
მისი განმარტებით, ხშირად იქმნება მედიკამენტებზე ხელოვნური მოთხოვნა, რის გამოც წამლები პაციენტებს გაზრდილი ფასით მიეწოდება.
„გვქონდა მონიტორინგი [ფარმაცევტულ ბაზარზე], სადაც ვთქვით, რომ არის გარკვეული საკითხები, რაც ყურადღებას ითხოვს. მათ შორის ის, რომ მედიკამენტების ჭარბი მოხმარებისა და არაკეთილსინდისიერი გარიგების ბევრი ფაქტია – მაგალითად, რეცეპტის გამომწერსა და იმ კომპანიას შორის, ვისაც მედიკამენტი შემოაქვს. ხშირად იქმნება ხელოვნური მოთხოვნა, რაც ნიშნავს იმას, რომ გაზრდილი ფასით ხდება პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდება. ამის დასტურია ჩვენი მოკვლევაც 8 კომპანიის მიმართ, რომელიც ჭარბ ფასნამატებს ეხება“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ლექვინაძემ ასევე ისაუბრა სააგენტოს მხრიდან მიმდინარე მოკვლევაზე, რომელიც სწორედ მედიკამენტების მაღალი ფასნამატით რეალიზებას უკავშირდება. მისი თქმით, საქმე ეხება მედიკამენტებზე 300%-დან 3 000 %-მდე ფასნამატს.
„ეს მოკვლევა ეხება იმპორტიორ კომპანიებს, მათ შორის არ არის ყველაზე ცნობილი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები – ესენი არიან იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც როგორც ევროპიდან, ისე არაევროპული ქვეყნებიდან ახორციელებენ მედიკამენტების იმპორტს და აქვთ ძალიან მაღალი ფასნამატები – დაახლოებით 300%-დან 3 000 %-მდე. ჯანდაცვის სამინისტროდან მივიღეთ გარკვეული მონაცემები და დაახლოებით 14 მედიკამენტის ბაზარი იქნა იდენტიფიცირებული. 14 მედიკამენტის შემთხვევაში და მათი შემცვლელების ბაზარზე გამოვლენილია 8 კომპანია, რომელთაც დომინანტური მდგომარეობა აქვთ აღნიშნულ ბაზრებზე. დომინანტური მდგომარეობა ნიშნავს, რომ მათი წილი ამ მედიკამენტების, ან მათი შემცვლელების ბაზრებზე, 40%-ს აღემატება და მაღალი ფასნამატები აქვთ.
ახლა მიმდინარეობს სამუშაო პროცესი კომპანიებთან, ინფორმაციის გამოთხოვა ხდება და მოკვლევა მიმდინარეობს დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების მიმართულებით, რაც მომხმარებლებისთვის ჭარბი ფასის დაწესებას, ან მაღალი ფასნამატით პროდუქციის გაყიდვას გულისხმობს. მოკვლევის დასრულებას მიმდინარე წელს ვფიქრობთ“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ