თამარ ჩუგოშვილი – საქართველოს ხელისუფლებამ საფრთხედ დასავლეთი დაასახელა – კანონი რუსულია იმის გამო, რომ მის დამწერს დასავლეთი ჰგონია საფრთხე

საქართველოს ხელისუფლებამ საფრთხედ დასავლეთი დაასახელა – ამ ბოლო მომენტამდე არ მქონია განცდა, რომ „ოცნება“ საკუთარი თავისთვის გამანადგურებელ შეცდომას უშვებს, მაგრამ ახლა ნამდვილად თვითგანადგურების რეჟიმზეა გადასული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებაში“ ვითარება ძალიან შეცვლილია და გადაწყვეტილებებს იღებს ერთი ადამიანი, რომელიც წლებია თვითიზოლაციაშია.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო მომხდარ ამბებს არც მმართველი პარტიისთვის ექნება კარგი დასასრული – „თუ კანონს გაიწვევენ, ეს მათთვის დიდი დარტყმა იქნება, ხოლო თუ მიიღებენ, ამას საქართველოს გარედანაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვება“.
„მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში” ვითარება ძალიან შეცვლილია და ასე ერთად აღარაფერი წყდება. საკუთარი სიტყვის უპატივცემულობა გამონაკლისი კი არ არის, უკვე წესად იქცა. როგორც ჩანს, თვლიან, რომ პარტიაში ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებთან ერთადაც რაღაც უნდა განიხილო და რომლებსაც რაღაც უნდა შეუთანხმო, სისუსტეა. სჭირდებათ ძალიან მკაცრი იერარქია და ისეთი ხალხი, თვითონ რომ მებრძოლს ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში პასუხს რომ არ შეუბრუნებენ. გადაწყვეტილებებს იღებს ერთი ადამიანი, რომელიც წლებია თვითიზოლაციაშია.
არჩევნები მოდის და არასამთავრობოების ნაწილი სადამკვირვებლო ორგანიზაციებია. მათ სიტყვას ძალიან დიდი გავლენა ექნება. დემონიზება ხდება ამ ხალხის, უკვე დიდი ხანია, მაგრამ მგონია, რომ უკუშედეგს მიიღებენ. ჰგონიათ, რომ ძალიან მაგარი კვლევები აქვთ და ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებათ, მაგრამ პულსზე ხელი აღარ უდევთ. ვერ ხვდებიან რა ხდება საერთაშორისო საზოგადოებაში და რა ხდება ამ ერში.
ამ ამბავს კარგი დასასრული არ აქვს. პირველ რიგში, არც “ოცნებისთვის” აქვს კარგი დასასრული. თუ კანონს უკან გაიწვევენ, ეს მათთვის სერიოზული დარტყმა იქნება და შეიძლება, არჩევნების წაგებადაც დაუჯდეთ. თუ კანონს არ გაიწვევენ, ამას ქვეყნის გარედანაც სხვა პროცესები მოჰყვება, რაც განცხადებებით აღარ შემოიფარგლება. გარეთ რა მოხდება ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ევროინტეგრაციის გზას ვადგავართ და ის ხალხი წყვეტს, გადავალთ მოლაპარაკებების პროცესზე თუ არა.
ვინ არის ამ კანონის მიხედვით მტერი? საფრთხე საიდან მოდის? საქართველოს ხელისუფლებამ საფრთხედ დასავლეთი დაასახელა. კანონი რუსულია იმის გამო, რომ მის დამწერს დასავლეთი ჰგონია საფრთხე. იმდენად ცხადია, შეუძლებელია აქ რაიმე კითხვა გქონდეს.
ფიქრობდნენ, რომ კანონს დიდი გართულებების გარეშე გაიტანდნენ, მაგრამ ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ამ ბოლო მომენტამდე არ მქონია განცდა, რომ “ოცნება” საკუთარი თავისთვის გამანადგურებელ შეცდომას უშვებს, მაგრამ ახლა თვითგანადგურების რეჟიმზეა გადასული. იმედია ეს ქვეყნისთვისაც უმძიმესად არ დასრულდება, ეს არის მთავარი“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ