“გენგეგმაში შესული ცვლილებები კერძო სექტორს ერგება, საჯარო ინტერესები კი გათვალისწინებული არ არის”-არქიტექტორი

ექსპერტები მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ურბანულ გამოწვევებზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ამ არეალში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის ისტორიულ არეალთან თანხვედრაში არ მოდის. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაგეგმილი პროექტების გავლენა ექსპერტებმა შეაფასეს და შესაბამისი კვლევა მოამზადეს. კვლევის ფარგლებში დეტალურად იქნა შესწავლილი 16 პრობლემური პროექტი. პროექტების ნაწილი ნაწილობრივ ან სრულად არის შეთანხმებული, ნაწილი კი არა, თუმცა მათი რეალიზების საფრთხე მაღალია.
პროექტებს შორის არის: მრავალფუნქციური კომპლექსი საცურაო აუზი „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ, მრავალფუნქციური კომპლექსი საქანელას ქუჩის არეალში, მრავალფუნქციური კომპლექსი ყოფილი რესტორან არაგვის არეალში და ქიაჩელის ქუჩასა და მის ძირში, სანაპიროს გასწვრივ მოაზრებული პროექტები.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი, არქიტექტორი ნანო ზაზანაშვილი ამბობს, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაანონსებული პროექტები ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ხარვეზები ფიქსირდება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ნაწილშიც. ზაზანაშვილის თქმით, ხშირად ხდება დადგენილი ზონების ცვლილება, უფრო კონკრეტულად შეფასებული პროექტების შემთხვევაში რეკრეაციული ზონის სტატუსის ისეთი ზონით ცვლილება ხდება, სადაც მაღალი ინტენსივობის განაშენიანება არის დაშვებული.
“არსებული გამოწვევები გვაქვს მიწათსარგებლობის კუთხითაც, ტენდენციური ხასიათი აქვს ჯერ კიდევ 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე სარეკრეაციო ზონების ცვლილებას მაღალი ინტენსივობის ზონებით. ეს ის არეალია, რომელიც გარკვეულ უწყვეტ მწვანე ქსოვილს მეტ-ნაკლებად ჯერ კიდევ ქმნის ქალაქში.
ვერეს ხეობას თუ შევხედავთ და შემდეგ მტკვრის სანაპიროს და ასევე ვერის პარკის მიმდებარედ ძალიან საინტერესო მასივი არის გამწვანებული. ვხედავთ, რომ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება ამ სისტემის ფრაგმენტაცია. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თავის პოსტულატებში და დებულებებში ძირითად პრინციპებში გვეუბნება, რომ უნდა გაძლიერდეს ეს სისტემები, განვითარდეს, ამათი დაცვა უნდა მოხდეს და განსაკუთრებულ აქცენტს სანაპიროებზე აკეთებს”, – ამბობს ზაზანაშვილი.
არქიტექტორის შეფასებით, მიუხედავად თბილისის გენგეგმით დადგენილი მიდგომებისა, აღნიშნულ პროექტებში ძირითადი პრინციპების დარღვევა ხდება. მისი თქმით, მუნიციპალიტეტმა მსხვილ არეალებთან მიმართებით განვითარების საერთო ხედვა უნდა შეიმუშაოს, რომ უკეთესად შეფასდეს ამა თუ იმ პროექტის გავლენა. თუმცა ზაზანაშვილის თქმით, არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ტერიტორიების ფრაგმენტული განაშენიანება ხდება, რაც მდგომარეობას ამწვავებს.
“სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტი არ ახდენს მსხვილი ტერიტორიების დაგეგმვით სამუშაოებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ტერიტორიებისთვის უნდა მოხდეს განვითარების ხედვის შემუშავება. არის ტერიტორიები, რომელთა მიმართაც წერტილოვანი განვითარება არის საკმაოდ პრობლემური. შესაბამისად, როდესაც ჩვენ წერტილოვნად ან ვცვლით ფუნქციურ ზონას ან ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას ვერ ვხედავთ საერთო სურათს მათი ზეგავლენის.
ჩვენი მიზანიც ეს იყო რომ მთლიანობაში დაგვენახა აი ამ ცვლილებების შედეგი. შესაბამისად, ერთეული პროექტების შემთხვევაში წერტილოვანი ცვლილება დიდი პრობლემა შეიძლება არ იყოს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გენგეგმის დამტკიცების შემდეგ ვიცით რომ კოეფიციენტის კოეფიციენტების ყიდვა და გადამეტება აიკრძალა, მაგრამ ფუნქციური ზონირება არის ის ხვრელი, რომლის მეშვეობითაც არასამშენებლო ზონა შეიძლება სამშენებლოდ გადაიქცეს თან ისე რომ ამაში საზღაურსაც არ იხდის განაშენიანებით დაინტერესებული ადამიანი. შესაბამისად, ეს უფრო არაცოცხალი ორგანიზმია, არამედ უფრო მეტად ერგება კერძო ინტერესებს, რომელიც არ არის როგორც წესი დაბალანსებული საჯარო ინტერესით”, – აცხადებს ნანო ზაზანაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ