იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ჯორჯია მელონის მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებენ და პროტესტის ნიშნად გაფიცვას გეგმავენ

იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები 6 მაისს გაფიცვას გეგმავენ.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, რეპორტიორების პროფკავშირებში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მთავრობა ცდილობს, საზოგადოებრივი მაუწყებელი „რაი“ „მთავრობის რუპორად“ გადააქციოს. გარდა ამისა, 6 მაისს დანიშნული 24-საათიანი გაფიცვის მონაწილეები მაუწყებელში პერსონალის დანაკლისს და ბონუსების გაუქმებას გააპროტესტებენ.
როგორც „როიტერი“ წერს, იტალიურ საზოგადოებრივ მაუწყებელ „რაი“-ზე პოლიტიკური ზეწოლა, დიდი ხანია, პრობლემას წარმოადგენს. ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, ეთერში გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გაუქმდა ტოქშოუ, რომელშიც მწერალი ანტონიო სკურატი იღებდა მონაწილეობას. მას უნდა წაეკითხა მონოლოგი, რომელიც იტალიის ფაშიზმისგან გათავისუფლების თარიღს ეძღვნებოდა და აპირებდა, გაეკრიტიკებინა მელონის მმართველი პარტია, რომელიც, მისი მოსაზრებით, უარს ამბობს ფაშისტური წარსულის უარყოფაზე. „რაის“ ხელმძღვანელობამ და თავად მელონიმ ცენზურა უარყვეს და განაცხადეს, რომ მწერლის მონოლოგი ეთერში „რედაქციის გადაწყვეტილებით აღარ მოხვდა“.