„უნიკის პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია” – მაგდა ზაქარიაშვილი

ბავშვის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდი „უნიკი“ პანდემიის დროს კასპის რაიონის სოფელ ჭალაში შეიქმნა.
როგორია ბრენდის განვითარების ისტორია, სად შეიძლება მისი შეძენა და როგორია მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება, თემაზე „კომერსანტთან“ ბრენდის დამფუძნებელმა მაგდა ზაქარიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ბრენდის შექმნა საკუთარი შვილის გამო გადაწყვიტა, რომლისთვისაც კომფორტული ტანსაცმლის შექმნა სურდა.
„თავიდან ტანსაცმელს სამკერვალოში ვკერავდი, შემდეგ USAID-ის გრანტი ავიღე და ადგილობრივი ქალები დავასაქმე. შემდეგ მეორე გრანტი ავიღე, რამაც საშუალება მომცა, რომ თანამშრომლები დამემატებინა და წარმოება გაეფართოებინა.
რაც შეეხება დიზაინს, ჩემი იდეებია, ვკერავ ისეთ ტანსაცმელს, რომლებიც ყოველდღიურადაც და გამოსასვლელადაც გამოიყენება. ვცდილობ, რომ ტანსაცმელი კომფორტული და ყველგან გამოსაყენებელი იყოს.“ – აღნიშნა მაგდა ზაქარიაშვილმა.
ტანსაცმლის ფასი 60 ლარიდან 130 ლარამდე მერყეობს, ხოლო ფეხსაცმლის ღირებულება 130 ლარია.
„ჩვენი ტანსაცმელი ჯერჯერობით 7 წლის ჩათვლით ბავშვებზეა გათვლილი, თუმცა შეკვეთის შემთხვევაში 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც ვკერავთ, დიდი ფინანსების გარეშე დაწყებული ბიზნესის განვითარება რთულია.
სექტემბრისთვის გვქონდა კოლექცია 10 წლამდე ბავშვის ტანსაცმლის ჩათვლით, რომელიც ძალიან კარგად გაიყიდა, ვგეგმავთ რომ მუდმივ კოლექციაშიც შევიტანოთ, შეკვეთის შემთხვევაში, ტანსაცმლის მიწოდება 2-3 დღე სჭირდება“ – აღნიშნა მაგდა ზაქარიაშვილმა.
რაც შეეხება გაყიდვებს მაგდა ზაქარიაშვილი აღნიშნავს, რომ გაყიდვების ძირითადი წილი ონლაინ მოდის, თუმცა „უნიკს“ თბილისში კონცეპტუალურ მაღაზიაში აქვს საკუთარი სტენდი და ასევე გორში – „გორი მოლშიც“ არის წარმოდგენილი.
„დაინტერესება თავიდანვე საკმაოდ მაღალი იყო და ასეც გრძელდება, ვფიქრობ რომ ბევრად უკეთესად ვიმუშავებთ თუ გავფართოვდებით და მომხმარებელს მეტი არჩევანის საშუალებას მივცემთ. ამ ეტაპზე გოგოების ტანსაცმელი უფრო მოთხოვნადია, შესაბამისად გოგოების ტანსაცმელს უფრო მეტი რაოდენობით ვკერავთ და ბიჭები გვეჩაგრება. მოთხოვნიდან გამომდინარე პრიორიტეტების დალაგება გვიწევს, თუმცა მოთხოვნა მიწოდებას ყოველთვის აჭარბებს. სამომავლოდ გვინდა, რომ ბათუმშიც გავაკეთოთ მაღაზია, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა“ – აღნიშნა მაგდა ზაქარიაშვილმა
რაც შეეხება დასაქმებას, მაგდა ზაქარიაშვილი აცხადებს, რომ ძირითადად ადგილობრივები ჰყავს დასაქმებული და მასთან თბილისისგან განსხვავებით თანამშრომლების გადინების პრობლემა არ არის.
„სოფელში ზოგადად კადრების პოვნა რთულია, ახალგაზრდებისგან სოფელი თითქმის სრულად დაცლილია, ვინც დავასაქმეთ სტაბილურად გვყავს, ზოგმა იცოდა კერვა, ზოგმა ადგილზე ისწავლა. რაც შეეხება ინვესტიციას ორივე გრანტის ინვესტიციამ ჯამში 50 000 ლარი შეადგინა, ასევე ჩავდე ჩემი პირადი სახსრებიც.“ – აღნიშნა მაგდა ზაქარიაშვილმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მაგდა ზაქარიაშვილს სურს, რომ სამომავლოდ საკუთარი საწარმო გააკეთოს, რადგან ის სივრცე, სადაც ამჟამად ტანსაცმელს კერავს, იჯარით აქვს აღებული.
რაც შეეხება ნედლეულს ზაქარიაშვილი აცხადებს, რომ ნედლეული იმპორტირებულია და პროდუქციის ნედლეულის 99% ნატურალურია, ხელოვნურ მასალას მხოლოდ გასაფორმებლად მოიხმარს.