POG: განზრახ მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20 წლით პატიმრობა შეუფარდა

პროკურატურის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
“სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აგვისტოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს – მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა”. – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურამ ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა.
სასამართლომ ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო.