ეპიდემიები, რომლებიც რუსული ჯარიდან ვრცელდებოდა – გიორგი კობერიძე
ისტორიკოსი გიორგი კობერიძე საუბრობს რუსეთის არმიაში წარსულში არსებულ ანტისანიტარიაზე და იმ ეპიდემიებზე, რომლებიც რუსული ჯარების გადაადგილებასა და სამხედრო კამპანიებს უკავშირდებოდა, მათ შორის 1848-1849 წლების უნგრეთის რევოლუციისა და ყირიმის ომის პერიოდში.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
რუსეთის შავ ჭირზე გამახსენდა: 1848-49 წლის უნგრეთის რევოლუციის დროს, უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა დაავადებებით, ვიდრე უშუალოდ საომარი მოქმედებებით. მიზეზი მარტივია: რუსეთის არმიას, რომელიც უნგრეთში აჯანყების ჩასახშობად შეიჭრა (და დიდი სიმხეცით გამოირჩეოდა), თითქმის არანაირი სანიტარული ნორმა არ ჰქონდა შემუშავებული, რის გამოც აღმოსავლეთ ევროპაში ქოლერის მასშტაბური ეპიდემია კიდევ უფრო დაამძიმა და აპოკალიფსურ მასშტაბებზე გაიყვანა. ამ ეპიდემიამ მხოლოდ უნგრეთში 100 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაავადება ევროპაში ჯერ კიდევ 1830-იან წლებში გავრცელდა, მისი წყაროც კი აღმოსავლეთი, რუსეთზე გამავალი გზები იყო.
კიდევ ერთი ეპიზოდი სწორედ პეტრე პირველის რეფორმას უკავშირდება, რომელიც სამხედრო არისტოკრატიას ჰიგიენის დაცვას – სამხედრო ტანისამოსის ევროპულ წესზე გადასვლას და წვერის მოვლას სთხოვდა. ამ ყველაფერმა ლამის რევოლუცია გამოიწვია კარზე 1698-99 წლებში. რუსული ტრადიციით წვერის გაპარსვა მკრეხელობად და “უწმინდურ” ევროპულ წესად ითვლებოდა, გრძელი მოუვლელი წვერი კი სერიოზულ ჰიგიენურ პრობლემას ქმნიდა. საინტერესოა, რომ აბანოს კულტურას სოფლის მოსახლეობა უფრო იცავდა, ვიდრე რუსული არმია და ბოიარული არისტოკრატია, თუმცა ზოგადი ანტისანიტარია, პარაზიტები და სასმელი წყლის დაბინძურება რუსულ სოფლებში კატასტროფულ დონეზე იდგა.
ყირიმის ომში (1853-1856 წლები) რუსული სამხედრო მანქანის კატასტროფული სურათი კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. უშუალოდ ბრძოლის ველზე დაღუპულ ჯარისკაცებზე რამდენჯერმე მეტი ადამიანი რუსულ ბანაკებში გავრცელებულმა ტიფმა, დიზენტერიამ და ქოლერამ იმსხვერპლა. მაშინ ხუმრობდნენ, რომ თუკი ფრონტის ხაზიდან ზურგში მდებარე ლაზარეთში გაგზავნიდნენ, ესე იგი სიკვდილისათვის იყავი განწირული.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.