ფოთის თიზ-ის მფლობელი სახელმწიფო კომპანია გახდა
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მფლობელი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებული „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ გახდა. შეიცვალა კომპანიის დირექტორიც და ზურაბ სავანელის ნაცვლად ლაშა ბოსტაშვილი დაინიშნა. მთავრობამ თიზ-ის საკონტროლო პაკეტი 2025 წლის მაისში ჩინურ კორპორაცია CEFC-ს ჩამოართვა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) მფლობელი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებული "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" გახდა.
საჯარო რეესტრში ცვლილება 2026 წლის 1 ოქტომბერს დაფიქსირდა. აქამდე, 2025 წლის მაისიდან 2026 წლის ოქტომბრამდე თიზ-ი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში იყო, 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან კი თიზ-ი კორპორაციის საკუთრებაში გადავიდა. ამასთან, შეიცვალა კომპანიის დირექტორი და ზურაბ სავანელის ნაცვლად აღნიშნული თანამდებობა დაიკავა ლაშა ბოსტაშვილმა.
ფოთის თიზ-ის 75% 2017 წლის სექტემბერში განხორციელებული პრივატიზაციის აუქციონის შედეგად ჩინურმა კორპორაცია CEFC-ს („სი ი ეფ სიმ“) 24.6 მილიონ ლარად იყიდა. კომპანია ვალდებული იყო, რომ თიზ-ის განვითარებაში არანაკლებ 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, თუმცა ადგილზე მსგავსი მასშტაბის ინვესტიციები არ განხორციელდა და საბოლოოდ მთავრობამ 2025 წლის მაისში მმართველ კომპანიას თიზ-ის საკონტროლო პაკეტი ჩამოართვა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, ფოთის თიზ-ის აქტივები 18.9 მილიონ ლარს შეადგენს, 2025 წელს თიზ-ის შემოსავალი 4.7 მილიონი ლარი იყო, მოგება კი 0.3 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, კომპანიას წლების განმავლობაში ზარალზე ოპერირებისგან დაგროვილი აქვს 30.3 მილიონი ლარის ჯამური ზარალი.
თიზ-ის საკუთრებაშია ფოთის პორტის მიმდებარედ არსებული 1,000,761 კვადრატული მეტრი მიწა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.