შეუძლია თუ არა შავ ჭირს დღეს ახალი „შავი სიკვდილი“ და მსოფლიო პანდემია გამოიწვიოს? – გიორგი ჭოლაძე
კარდიოლოგი გიორგი ჭოლაძე საუბრობს შავი ჭირის ბაქტერიის შენახვის მიზეზებზე, მის პოტენციურ საფრთხეებსა და თანამედროვე სამყაროში პანდემიის განვითარების ალბათობაზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ არსებობს მკაცრი ბიოუსაფრთხოების სისტემები, ხოლო თანამედროვე მედიცინას, ანტიბიოტიკებსა და დიაგნოსტიკას შეუძლია ინფექციის ეფექტურად შეკავება.

კარდიოლოგი, გიორგი ჭოლაძე
კაცობრიობა დღემდე შეგნებულად ინახავს იმ ბაქტერიას, რომელმაც ოდესღაც ათეულობით მილიონი ადამიანი მოკლა. რატომ ვინახავთ იმას, რაც ასეთი საშიშია?
საცნობარო შტამები მეცნიერებას სჭირდება დიაგნოსტიკური ტესტების შესამოწმებლად, ახალი მეთოდების შესაქმნელად, ეპიდაფეთქებების დროს შტამების შესადარებლად, მკურნალობისა და პრევენციის კვლევისთვის და იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რის წინააღმდეგ ვიბრძვით. WHO-ს რეფერენს-ცენტრებს სწორედ ასეთი შტამების არქივებიც აქვთ. განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური აგენტების შენახვა და გამოყენება ექვემდებარება ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის მკაცრ სისტემებს. და აქ არის მთავარი პარადოქსი: ნულოვანი რისკი არ არსებობს. სადაც ცოცხალი საშიში პათოგენი არსებობს, თეორიულად არსებობს შემთხვევითი ექსპოზიციის, ლაბორატორიული ავარიის ან განზრახ ბოროტად გამოყენების რისკიც. სწორედ ამიტომ არსებობს ფიზიკური დაცვა, დაშვების კონტროლი, ბიოლოგიური მასალის აღრიცხვა, ტრანსპორტირების სპეციალური წესები და საგანგებო რეაგირების გეგმები.
მთავარი კითხვა რაც გვაწუხებს : შეუძლია თუ არა შავ ჭირს დღეს ახალი „შავი სიკვდილი“ და მსოფლიო პანდემია გამოიწვიოს?
ბიოლოგიურად ყველაზე საშიშია პნევმონიური ჭირი, რადგან მას შეუძლია ადამიანიდან ადამიანზე რესპირატორული ნაწილაკებით გავრცელება და მკურნალობის გარეშე სწრაფად ფატალური იყოს. თუმცა თანამედროვე სამყაროში ისტორიული მასშტაბის პანდემიის სცენარი გაცილებით ნაკლებად სავარაუდოა: Y. pestis ბაქტერიაა და ეფექტური ანტიბიოტიკები არსებობს, შესაძლებელია შემთხვევების სწრაფი დიაგნოსტიკა, პაციენტების იზოლაცია, კონტაქტების მოძიება და პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპია. CDC ასევე აღნიშნავს, რომ პნევმონიური ჭირი ხშირად მხოლოდ ახლო კონტაქტისას გადადის და ეფექტური ანტიბიოტიკოთერაპია ინფექციურობას სწრაფად ამცირებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.