ნანა კაკაბაძე პატიმარ დავითაძეზე: ე.წ. გაუპატიურების მტკიცებულებად თვითონ პენიტენციური სისტემის მიერ გავრცელებული კადრები მოჰყავთ და დეტალურად არჩევენ, რომელმა ბადრაგმა გააუპატიურა თითით წინააღმდეგობის გამწევი და მაგინებელი პატიმარი - ვერც იმას ხსნიან, ჩაცმულ შარვალში რანაირად მოხდა გაუპატიურება და ვერც იმას, 9 თვის შემდეგ რატომ გაახმაურეს ეს ამბავი
არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ნეიტრალიტეტის" დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას და პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პატიმრების წამებისა და გაუპატიურების შესახებ სიცრუეა და მიზნად ისახავს ხელისუფლების დემონიზებას.

ბოლო დღეებში განსაკუთრებით დიდი და ინტენსიური შეტევა დაიწყო პენიტენციურ სისტემაზე, რათა საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ ამ სისტემაში დღესაც ისეთივე (ან უარესი) სასტიკი და არაადამიანური პირობებია, რაც ნაცების დროს იყო. ოპოების მიერ ამოქოქილი რამდენიმედღიანი პიარ კამპანია დღეისათვის უკვე ზენიტშია, მათი პროპაგანდისტული ტელევიზიები დაუღალავად ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ამ სისტემაში დღეს პატიმრებს აწამებენ, აუპატიურებენ, შეურაცხყოფენ და ა. შ., - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ნეიტრალიტეტის" დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ქართული ანდაზა - "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს", ყველაზე კარგად შეესაბამება ოპოზიციის მდგომარეობას, რომელიც ტყუილებით ცდილობს საპროტესტო ტალღის აგორებას, თუმცა, ხშირად თავადვე ვარდება ტრაგიკომიკურ სიტუაციაში.
კაკაბაძე მიიჩნევს, რომ პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაწერილი სცენარია, რომლის მიხედვით, “გაუპატიურებული” პატიმრისთვის სოლიდარობა უნდა გამოეცხადებინებით შიგნით პატიმრებს და გარეთ - ოპოზიციონერებს, თუმცა, ამ მცდელობებმა მასობრივი ხასიათი ვერ მიიღო და საზოგადოება ვერ დააჯერეს, რომ ციხეებში პატიმრებს აწამებენ, აუპატიურებენ, კლავენ ან თვითმკვლელობამდე მიყავთ. ამის მიზეზად უფლებადამცველი მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მიმდინარე კამპანია სიცრუეზეა დაფუძნებული.
„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს - ეს ქართული ანდაზა ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენი გაჭირვებული ოპოზიციის მდგომარეობას. რამდენჯერ სცადეს ამ გაჭირვებულებულებმა, რომ ფეიკ ინფორმაციების საფუძველზე საპროტესტო ტალღა აეგორებინათ, ზოგჯერ იმდენად ძლიერი იყო ხელისუფლების დემონიზების სურვილი, რომ თვითონ ვარდებოდნენ ფეიკ ნიუსების გავრცელებიდან რამდენიმე დღეში ტრაგიკომიკურ სიტუაციაში, მაგრამ იმითაც კმაყოფილები იყვნენ, რომ ტყუილზე დამყარებული რამდენიმედღიანი კაკაფონია მათ მრევლს გულს იმდენად მოფხანდა, რომ მორიგ ფეიკამდე ჰყოფნიდათ ამ დაბოღმილი და გაბოროტებული გულების საფხანად. ფხანა კიდევ, დიდი ილიასი არ იყოს, ქეცმა იცის და ცხოვრობენ ასე ჩვენი გაქეციანებული ოპო პოლიტიკოსები, ოპო მედიები და ოპო აქტივისტები “უწყვეტად”, აგერ უკვე თითქმის 700 დღეა.
ალბათ გახსოვთ, არქიფო სეთურის მიერ ქუთაისიდან ჩამოყვანილი გვირაბების ოსტატის ბატონის ფორიას მიერ გვირაბის თხრა იმ ჭის საწინააღმდეგო მიმართულებით, რომელშიც კაკოია თაბაგარმა ქონდრისკაცი ზებო ჩასვა და “უწყვეტად” გვირაბის მთხრელები დაარწმუნა, რომ გვირაბი აუცილებლად მივიდოდა ჭამდე, მერე ეს ზებო ჩამოკრავდა ზარს, რაც იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ბედნიერი ცხოვრება დაიწყებოდა.
ჩვენი “უწყვეტი მებრძოლები” ამ გვირაბის მთხრელებს დაემსგავსნენ, ხოლო იმათ, ვისაც იმედი და მოთმინება გამოელია, ვისაც ქეციანობა აღარ უნდა, ან გვირაბის არასწორი მიმართულება დაინახა და შეწყვიტა გვირაბის “უწყვეტი” თხრა, მით უმეტეს, ვინც ციხიდან გათავისუფლების მიზნით დანაშაული აღიარა, თავისუფლებაში მყოფი “უწყვეტი მებრძოლები” მწარედ აბულინგებენ - როგორ გაბედეთ და ზებოს ზარის ჩამოკვრას აღარ ელოდებითო.
ბოლო დღეებში განსაკუთრებით დიდი და ინტენსიური შეტევა დაიწყო პენიტენციურ სისტემაზე, რათა საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ ამ სისტემაში დღესაც ისეთივე (ან უარესი) სასტიკი და არაადამიანური პირობებია, რაც ნაცების დროს იყო. ოპოების მიერ ამოქოქილი რამდენიმედღიანი პიარ კამპანია დღეისათვის უკვე ზენიტშია, მათი პროპაგანდისტული ტელევიზიები დაუღალავად ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ამ სისტემაში დღეს პატიმრებს აწამებენ, აუპატიურებენ, შეურაცხყოფენ და ა. შ.
ე.წ. გაუპატიურების მტკიცებულებად თვითონ პენიტენციური სისტემის მიერ გავრცელებული კადრები მოჰყავთ და დეტალურად არჩევენ, რომელმა ბადრაგმა მოახდინა წინააღმდეგობის გამწევი და მაგინებელი პატიმრის მიმართ თითით გაუპატიურება. ერთნი ამბობენ, რომ ეს იყო ის ბადრაგი, რომელსაც საკუთარი თითი ცხვირთან მიაქვს და სუნავსო, ხოლო მეორენი ამტკიცებენ, არა, ის ბადრაგი იყო, რომელსაც რეზინის ხელთათმანი ეცვაო. მართალია, ვერც იმას ხსნიან, ჩაცმულ შარვალში რანაირად მოხდა გაუპატიურება (რადგან კადრებში უწყვეტად ჩანს, რომ ამ პატიმარს შარვალი აცვია, მის გახდას არავინ ცდილობს) და ვერც იმას, ამ ფაქტიდან 9 თვის შემდეგ რატომ გაახმაურეს ეს ამბავი ან აქამდე რას ელოდებოდნენ.
დაწერილი სცენარის მიხედვით, “გაუპატიურებული” პატიმრისთვის სოლიდარობა უნდა გამოეცხადებინებით შიგნით პატიმრებს და გარეთ ოპოებს.
სავარაუდოდ უცხოეთიდან სოლიდარობის გამოხატულებასაც მალე ვნახავთ (როგორც ეს მოხდა 4 ოქტომბრის “დამხობის” წინ და შემდეგ).
თითქმის ერთი კვირაა ოპო ტელევიზიები მაქსიმალურად არიან ჩართულები თემის “აგორებაში”, ამით იწყება და მთავრდება მათი ყველა საინფორმაციო გამოშვება, დღის თემის განხილვისას დღე და ღამე ტელევიზიაში სხედან პატიმრის ოჯახის წევრები, დამცველები, ოპო ენჯეოები, ოპო ადვოკატები და ოპო პოლიტიკოსები, მაგრამ ჰოი საოცრებავ! ვერა და ვერ მიიღო ამ მცდელობებმა მასობრივი ხასიათი. ვერა და ვერ დააჯერეს საზოგადოება, რომ ციხეებში პატიმრებს აწამებენ, აუპატიურებენ, კლავენ ან თვითმკვლელობამდე მიჰყავთ და ა. შ. ამის მიზეზი ძალიან მარტივია, რომლის დანახვაც არ უნდათ ჩვენს წელში გაწყვეტილ “უწყვეტ” ოპოებს. კერძოდ:
თითქმის 13 ათასი პატიმარი დღეს საკუთარ მდგომარეობას ადარებს იმას, რასაც ეს ფეიკ ოპო ტელევიზიები ავრცელებენ, ისინი მათ გვერდით მყოფ ან სხვა დაწესებულებებიდან მათთან გადაყვანილ სხვა პატიმრებსაც ესაუბრებიან ყოველდღიურად, მათ შორის ისეთებიც არიან, ვისაც 2004-2012 წლებშიც მოუწიათ ციხეებში ჯდომა და ხედავენ, რომ დღეს სისტემაში არსებული მდგომარეობა ისეთია, რომ თვითოეულ მათგანს ბადრაგები ეპყრობიან ადამიანურად, არ ულახავენ ღირსებას, სისტემატური კავშირი აქვთ, ოჯახის წევრებთან როგორც პაემნებით, ასევე სატელეფონო კომუნიკაციებით, საკნებში შეუზღუდავად აქვთ ტელე, რადიო, გამათბობელი და გამაგრილებელი, აგრეთვე პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები, საერთო საკვები ნორმალურია და სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ დამატებით შეიძინონ სხვა საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი საერთოდ აკრძალული იყო ნაცების დროინდელ ციხეებში.
რაც შეეხება დამრღვევი პატიმრების დასჯის მეთოდებს, რასაც კანონი ითვალისწინებს. თუ პატიმარი დაარღვევს ციხის შინაგანაწესს, აგინებს, ემუქრება ან სცემს სხვა პატიმარს ან ციხის თანამშრომელს, ბუნებრივია, რომ მის მიმართ გამოიყენება კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები, მათ შორის ფიზიკური ზემოქმედების ადეკვატური ზომები, რასაც ჰქვია პატიმრის იზოლირება, შებოჭვა, იძულებითი ჩხრეკის ჩატარება, ხელბორკილების დადება და გარკვეული პერიოდით კარცერში თუ დეესკალაციის საკანში გადაყვანა. ის ლანძღვა-გინება და თანამშრომლებზე ფიზიკური ძალადობა, რაც ჩვენ პენიტენციური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ზოგიერთ კადრებში ვიხილეთ, ვერანაირად ვერ გასაღდება პატიმრებზე ძალადობად, რადგან ბადრაგზე თავდასხმა პირდაპირ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულია და მაგალითად, ამერიკის ციხეებში ასეთი პატიმრების მიმართ არა შებოჭვა და იზოლირება, არამედ შეიძლება პირდაპირ ტყვიებიც გამოიყენონ. აღარაფერს ვამბობთ იმასთან შედარებაზე, თუ რისთვის და როგორ ისჯებოდა ციხეებში პატიმარი 2004-2012 წლებში.
რაც შეეხება თემის აგორების მიზნით ერთ-ერთი “სინდისის თუ პოლიტ” პატიმრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მის საკანთან პატიმარი სცემეს, რომ ესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა, რომ ვიღაცეებმა ვენები გადაიჭრეს, პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო “გაუპატიურებულისადმი” სოლიდარობის ნიშნად და ა. შ. ეს ყველაფერი ტყუილ-მართალის ერთმანეთში არევის და სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობას ჰგავს და არც ის არის გამორიცხული, რომ მას საკანში მართლაც გაეგო ჩხუბის ხმა, როდესაც ბადრაგი აკავებდა იმ ორ პატიმარს, რომლებმაც მათზე თავდასხმა განახორციელეს და რომლის კადრებიც ყველამ ვიხილეთ.
პენიტენციური დეპარტამენტი კი ამაზე აცხადებს: „კატეგორიულად უარვყოფთ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, არანაირი ვენების გადაჭრა, შიმშილობა და ა.შ. სრული სიცრუეა მის პოსტში მოყვანილი ფაქტები და დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა“.
რომ დავუბრუნდეთ “გაუპატიურების” კადრებს, სახალხო დამცველის მიერ შესწავლისა და ამის უარყოფის გარდა, ნებისმიერი ობიექტური ადამიანი დაეთანხმება მის ასეთ დასკვნას. ერთ-ერთ ასეთ ობიექტურ შეფასებად გვეჩვენება აქტივისტ კახა წიქარიშვილის შეფასება, რომელსაც ვერავინ დააბრალებს ხელისუფლების მხარდაჭერას. იგი ამბობს:
„დავუშვათ, აქ თუ გაუპატიურება იქნებოდა, ეს ადამიანები [ბადრაგები], რასაკვირველია, შეეცდებოდნენ კამერისგან დაფარვას, რომ კამერაში ეს არ გამოჩენილიყო და მაღალი ალბათობით, კამერისკენ მაინც გაექცეოდათ თვალი. როდესაც ადამიანთა ჯგუფი რაღაცას აკეთებს არაკანონიერს და იციან, მათ კამერა უყურებს, რაღაც მომენტი ადამიანური მომენტია, რომ კამერისკენ თვალი გაექცევა, რომ კამერას ხომ კარგად ვფარავ და რამე ხომ არ მრჩება ისეთი, რაც კამერის დაფარვის გარეშეა. ეს გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. არცერთი მათგანი პირდაპირ კამერისკენ არ იყურება. თუ ესენი აღიქვამენ, რომ ხდება პატიმრის ხელით გაუპატიურება და თან ცდილობენ, რომ კამერა დაფარონ, მაშინ ლოგიკური იქნება, რომ რომელიმე მათგანს კამერისკენ თვალი გაექცეს, რომ ხომ კარგად ვფარავ და კამერაში ხომ არაფერი ჩანს. ასეთ მომენტი უნდა ყოფილიყო“.
და ბოლოს: არავინ წარმოიდგინოს, ჩვენ იმას ვამტკიცებდეთ, რომ თითქოს პენიტენციურ სისტემაში ყველაფერი იდეალურადაა და იქ პრობლემები არ არსებობს. მართალია, აღარ არის ისეთი სიტუაცია, რომ 6-8-ადგილიან საკნებში 50-60 პატიმარი იჯდეს, მაგრამ პატიმართა დიდი რაოდენობა მაინც მტკივნეული პრობლემაა დღევანდელი ციხეებისთვის, რაც თავისთავად იწვევს პრობლემებს როგორც სამედიცინო მომსახურების დროულ და ხარისხიან მომსახურებაში, ასევე სისუფთავის და ჰიგიენის პირობების დაცვაში. ამაზე აუცილებლად უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ მკაცრი საკანონმდებლო და პრაქტიკაში ასახული პოლიტიკის (როდესაც ბრალდებულების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ არ გამოიყენება გირაო) შეცვლის და მსჯავრდებულებისათვის შეღავათების უფრო ფართოდ გამოყენების (ამნისტიის თუ ვადამდე პირობით გათავისუფლების მექანიზმის გამოყენების) გზით“, - წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.