სემეკი განიხილავს ე.წ. მუხიანის აგარაკებისთვის გაზის გამანაწილებელი კომპანიის ლიცენზიის გაუქმებას
სემეკში ჩაინიშნა სხდომა, სადაც განიხილება შპს „ყამარი მ“-სთვის ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმებისა და აბონენტების გაზმომარაგების მიზნით შპს „თბილისი ენერჯისთვის“ შესაბამისი ვალდებულების დაკისრების საკითხი. მიზეზი „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ მიმართ არსებული დავალიანება და აბონენტებისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტაა.

სემეკში 8 ოქტომბერს ჩაინიშნა სხდომა, სადაც შპს “ყამარი მ“ -ს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმებისა და აბონენტების გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით შპს „თბილისი ენერჯისათვის“ შესაბამისი მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების საკითხი განიხილება.
სემეკის ინფორმაციითვე, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის - შპს „ყამარი მ“-ს მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის გათიშვის ფაქტთან დაკავშირებით, რათა უმოკლეს ვადებში შესაძლებელი იყოს ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა.
"შპს „ყამარი მ“-ს მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის გათიშვის მიზეზს წარმოადგენს კომპანიის დავალიანება შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ მიმართ. შპს „ყამარი მ“-ს სალიცენზიო არეალში მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების უზრუნველსაყოფად, კომპანიასა და საბითუმო მიმწოდებელ შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის გაფორმებულია ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება. შპს “ყამარი მ“-ს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისა და მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო, შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ წინაშე წარმოექმნა მსხვილი დავალიანება. აღნიშნული დავალიანების გამო, შპს „ყამარი მ“-ს 2026 წლის 5 ოქტომბერს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება", - აცხადებენ სემეკში.
შპს „ყამარი მ“ ბუნებრივი გაზის განაწილებას თბილისში, ე.წ. მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე ახორციელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.