Axios: აშშ-მ საუდის არაბეთსა და კატარში Patriot-ის დამატებითი ბატარეები განათავსა
გამოცემა Axios-ის ცნობით, აშშ-მ საუდის არაბეთსა და კატარში Patriot-ის დამატებითი ბატარეები განათავსა, რათა მათი ნავთობისა და ბუნებრივი აირის საკვანძო ობიექტები დაიცვას და მოკავშირეები ირანის შესაძლო საფრთხეებისგან დაარწმუნოს.

აშშ-მ საუდის არაბეთსა და კატარში ნავთობისა და ბუნებრივი აირის საკვანძო ობიექტების დასაცავად Patriot-ის ორი დამატებითი ბატარეა განათავსა. ამის შესახებ გამოცემა Axios ორ ამერიკელ მაღალჩინოსანსა და რეგიონულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ერთი ბატარეა გასულ თვეში საუდის არაბეთში ნავთობის მნიშვნელოვანი ობიექტის დასაცავად გაიგზავნა, მეორე კი კატარში – ბუნებრივი აირის ობიექტის დასაცავად.
აშშ-ს მიზანია, ორივე მოკავშირე დაარწმუნოს, რომ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბური სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, აშშ მათ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება.
აგვისტოში, როდესაც დონალდ ტრამპი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშს განიხილავდა, საუდის არაბეთისა და კატარის ლიდერებმა მას გეგმის შეჩერებისკენ მოუწოდეს.
ისინი შიშობდნენ, რომ საპასუხოდ ირანი მათ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ობიექტებს დაარტყამდა.
Axios-ის წყაროების თქმით, ეს მოწოდებები ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც ტრამპმა მაშინ სამხედრო იერიშის ნაცვლად ეკონომიკური წნეხის გაძლიერება გადაწყვიტა.
ამავდროულად, აშშ ახლო აღმოსავლეთისკენ დამატებით ხომალდებს, ავიაციასა და სამხედროებს გზავნის. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-ისა და საზღვაო ქვეითთა დამატებითი დანაყოფის გაგზავნა გადაწყვიტა.
Axios-ის ცნობით, ავიამზიდი დანიშნულების ადგილზე ნოემბრის შუა რიცხვებში ჩავა, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ჩაანაცვლებს თუ არა ის რეგიონში მყოფ ერთ-ერთ ავიამზიდს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.