როგორ ებრძოდა "საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ჯარისკაცი" საქართველოს აფხაზეთში
აფხაზეთის ომში რუსეთის მონაწილეობას რამდენიმე სახე ჰქონდა. საქართველოს წინააღმდეგ არც მხოლოდ მთიელ ხალხთა კონფედერაციის ჩრდილოკავკასიელი მოქირავნეები და არც მხოლოდ რუსული იმპერიალისტური დაჯგუფებების “მოხალისეები” იბრძოდნენ. საბრძოლო მოქმედებებში ჩართული იყვნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის გამოცდილი სამხე

აფხაზეთის ომში რუსეთის მონაწილეობას რამდენიმე სახე ჰქონდა. საქართველოს წინააღმდეგ არც მხოლოდ მთიელ ხალხთა კონფედერაციის ჩრდილოკავკასიელი მოქირავნეები და არც მხოლოდ რუსული იმპერიალისტური დაჯგუფებების “მოხალისეები” იბრძოდნენ. საბრძოლო მოქმედებებში ჩართული იყვნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის გამოცდილი სამხედრო შენაერთებიც და ომსაც სწორედ ისინი წარმართავდნენ.
ერთ-ერთი მსგავსი ჯგუფი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იბრძოდა, რიგის სპეციალური დანიშნულების მობილური რაზმის (Рижский ОМОН) წევრებისგან იყო დაკომპლექტებული. ამ ქვედანაყოფს თავად რიგის ომონის მეთაური, ჩესლავ მლინნიკი, ხელმძღვანელობდა.
ჩესლავ მლინნიკი რიგის ომონშისაბჭოთა კავშირის დაშლამდე რესპუბლიკებში ეროვნული მოძრაობების გააქტიურების პარალელურად სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1988 წელს პირველი სპეციალური დანიშნულების მობილური რაზმები შექმნა. მათ შორის იყო რიგის ომონიც. რაზმს შავი ბერეტების სახელითაც იცნობდნენ. ჩესლავ მლინნიკი ქვედაყოფს 1990 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა. მლინნიკი ბელარუსში დაიბადა. მონაწილეობას იღებდა ავღანეთის ომში საჰაერო-სადესანტო ძალების რიგებში. სანამ რიგის ომონის მეთაური გახდებოდა, ის ამავე რაზმში ჯერ ოპერატიული ოცეულის მეთაურის, შემდეგ საბრძოლო და სამსახურებრივი მომზადების უფროსი ინსპექტორის თანამდებობებზე მუშაობდა.
სანქტ-პეტერბურგის ადგილობრივმა მედია ფონტანკამ 2017 წელს მლინნიკს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც ყოფილმა მეთაურმა აღიარა, რომ რიგის ომონი КГБ-სა (სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი) და ГРУ-ს (დაზვერვის მთავარი სამმართველო) თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული. “დღეს ეს სახელმწიფო საიდუმლო აღარაა. რიგის ომონი შედგებოდა КГБ-სა და ГРУ-ს თანამშრომლებისგან. კიდევ იყვნენ მედესანტეებიც,” - ამბობდა მლინნიკი. კითხვაზე, იყო თუ არა კონტრდაზვერვის ოფიცერი, მლინნიკმა უპასუხა: "განა ოდესმე მითქვამს რომ მენტი ვარ?".
მლინნიკს რუსულ ნაციონალისტურ წრეებში ხშირად საბჭოთა კავშირის ან იმპერიის უკანასკნელ ჯარისკაცს ეძახიან და სიმღერებიც კი მიუძღვნეს: ალექსანდრ კრილოვის “სიმღერა ჩესლავზე” და ალექსანდრ ხარჩიკოვის “იმპერიის ჯარისკაცს”.
1990 წელს ლატვიის სახალხო ფრონტმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია მიიღო. დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 21 აგვისტოს დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში სიტუაცია დაძაბული იყო. რიგის ომონი სახალხო ფრონტს არ ემორჩილებოდა და უპირისპირდებოდა, ხდებოდა შეტაკებები. ეს წინააღმდეგობა 1991 წლის იანვარში გამწვავდა. რიგის ომონმა, მლინნიკის მეთაურობით, აიღო საბეჭდი სახლი, სტამბა, სადაც სახალხო ფრონტის მასალა იბეჭდებოდა, მოაწყვეს რეიდები სხვადასხვა სამართალდამცავი სტრუქტურების შენობებზე, რასაც ჯამში ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად, რიგის ომონი, ვილნიუსის ომონთან ერთად, ლიტვისა და ლატვიის მიერ ახლადგახსნილ საბაჟო პუნქტებს არბევდა. 1991 წლის 31 ივლისს ერთ-ერთ მსგავს თავდასხმას მედინინკაის პუნქტზე 7 ლიტველი მესაზღვრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლიტვა მომხდარში სწორედ რიგის ომონს ადანაშაულებდა.
“აქ მიტინგებთან დაკავშირებით ყველაფერი მარტივად იყო. ჯერ კიდევ იანვარში, როცა მიტინგი გაიმართა, სამი ჯავშანტრანსპორტიორი მივიყვანე, ერთ-ერთზე ავედი და ვთქვი: “ჩემი გვარია მლინნიკი, გაძლევთ 15 წუთს, რომ დაიშალოთ. ვინც ვერ მოასწრებს, დააგვიანებს. სნაიპერები განლაგებული მყავს”. 12 წუთის შემდეგ არავინ აღარ იყო - აი, სულ ეს იყო მთელი მიტინგი. ქუსლებით ნაპერკლებს ყრიდნენ!
[...]
ჩემს ხალხს ასე ვუხსნიდი: “თუ ქუჩაში შეიარაღებული ადამიანი მიდის, რა უნდა გააკეთოს მილიციის თანამშრომელმა? შეაჩეროს. წინააღმდეგობას თუ გაუწევს? გაანეიტრალოს. ახლა ორი ადამიანი ბარიკადს თუ აღმართავს? მივლენ, ხელებს გადაუგრეხენ და გაიყვანენ. ათასი ადამიანი თუ იქნება? რატომ არ შეგვიძლია ყველასთვის ხელების გადაგრეხა? შეგვიძლია. მოლოტოვის კოქტეილით თუ ვინმე ხელში დადის და იქნევს, რა უნდა ვუყოთ? გავანეიტრალოთ. ასეც ვიქცეოდით. ამიტომ ყველას კარგად ესმოდა - ჩვენ ხუმრობას არ ვაპირებდით.” - მლინნიკი ТАСС-თან ინტერვიუში.
1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროს “შავმა ბერეტებმა” საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტის დავალებები შეასრულეს, მას შემდეგ, რაც სსრკ-ს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბორის პუგომ მათ რიგაში "საბჭოთა წესრიგის" აღდგენა დაავალა. ომონი არმიის ვერტმფრენებით დანიშნულების ადგილებზე გადასხეს: დაიკავეს ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადიოს, ტელევიზიისა და სატელეფონო-სატელეგრაფო სადგურის შენობები. განაიარაღეს ლატვიის თავდაცვის ძალების, თეთრი ბერეტების ბაზა. თუმცა, აქამდე აგვისტოს პუტჩი ჩაიშალა. რიგის ომონი საკუთარ ბაზაზე დაბრუნდა და პოზიციები გაამაგრა. ლატვიამ დამოუკიდებ��ობა გამოაცხადა და საბოლოოდ შავ ბერეტებს ქვეყნის დატოვება მოუწიათ. საბჭოთა კავშირის ერთგულმა ჯარისკაცებმა რიგიდან რუსეთში, ტიუმენში გადაინაცვლეს. რიგის ომონი ოფიციალურად დაიშალა და შეიქმნა ტიუმენის ომონი. თუმცა, მლინნიკმა და ზოგიერთმა მისმა თანამებრძოლმა საბრძოლო კარიერა სხვა მიმართულებით გააგრძელა. მეთაურმა და ვეტერანთა ნაწილმა ტიუმენი მალევე დატოვა და სანქტ-პეტერბურგში გადაინაცვლა.
რიგის ომონის წევრები.
სერგეი რუსანოვი
“ყველაფერი 19 აგვისტომდე გაცილებით ადრე დაიწყო. იმ ადამიანთა წრეში, რომლებიც გორბაჩოვის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ამზადებდნენ, მარშალმა ახრომეევმა შემიყვანა. ის ჩემს ბაბუას იცნობდა და მენდობოდნენ, იცოდნენ, რომ არავის გავცემდი. ყველა შეთქმულს შორის ერთადერთი ახალგაზრდა მე ვიყავი - მზადება რომ დაიწყო, ჯერ 30 წლისაც არ ვიყავი. ამიტომ ჩემი კითხვებითა და წინადადებებით თავს არავის ვაბეზრებდი, თუმცა შეხვედრების უმეტესობას ვესწრებოდი.
[...]
ეს საბჭოთა კავშირის დაშლის წინააღმდეგ მიმართული მცდელობა იყო. ამას წინ უძღოდა ხელისუფლების სრული უუნარობა, ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადაეყვანა. დაგროვილი იყო ძალიან დიდი ნეგატიური ენერგია, რომელიც გარკვეულ ქმედებებში უნდა გარდასახულიყო.” - ამბობდა მლინნიკი აგვისტოს პუტჩზე.
1991 წლის დეკემბერში ჯერ კიდევ რუსმა იმპერიალისტმა ტელეწამყვანმა, ალექსანდრ ნევზოროვმა, დაარსა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა “ჩვენები”. მოძრაობის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ჩესლავ მლინნიკი გახდა. აღსანიშნავია, რომ ნევზოროვი საკუთარ გადაცემა “600 წამის” ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ რიგის ომონს და ლატვიის სახალხო ფრონტთან დაპირისპირებას მიუძღვნა. ამ ეპიზოდის სახელი იყო - “ჩვენები”. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნევზოროვი, რომელიც დღეს უკრაინასთან ომის წინააღმდეგია, აფხაზეთის ომის დროს საქართველოს წინააღმდეგ “მოხალისეთა” რეკრუტირებაში იყო ჩართული. 1996 წლის მაისში გაზეთი Известия წერდა, რომ რამდენიმე წლით ადრე ნევზოროვი, სამთავრობო არხის მეშვეობით, მოხალისეებს აფხაზეთში "მანდარინების ასაღებად" უშვებდა და ამბობდა, რომ "ინსტრუმენტები" საკმარისად ჰქონდათ "მოსავლის" ზონაში. რეპორტიორი და რიგის ომონის მეთაური, როგორც ჩანს, ერთმანეთთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული. ნევზოროვი, როგორც ერთ-ერთ გაზეთთან საუბარში ამბობდა, მლინნიკის დნესტრისპირეთში მებრძოლი ქვედანაყოფი “დნესტრის” წევრი იყო.
“თუ რიგის ომონის მეთაური, იმ ყველაფრისთვის, რაც რაზმთან ერთად და რაზმისთვის გავაკეთე, გადაწყვეტს საპატიო მებრძოლად მაკურთხოს, მე ვიტყვი: "მადლობა, ჩესლავ მლინნიკ!" [...] რა თქმა უნდა, მე ვერ მივიღებ მონაწილეობას ვერანაირ დუმაში, რეპორტიორი ვარ, ყოველდღიური რთული საქმე მაქვს. თუმცა ჩემთვის სასიამოვნოა ვიყო “დნესტრის” რიგითი და დარწმუნებული ვარ, რომ მოლდოველი ოპონელები (რედ. - ОПОН - სპეციალური დანიშნულების პოლიციის რაზმი) ჩემ ბატალიონში ყოფნას სიმბოლურად არ თვლიან. მათ მე დიდი ხნით დამიმახსოვრეს, ზოგმა კი - სამუდამოდ.” - ამბობდა ნევზოროვი.
სწორედ აფხაზეთში აღმოჩნდა მლინნიკი თავისი რაზმის წევრებთან ერთად. რიგის ომონის ვეტერანებთან დაკავშირებული ფოტოგრაფი სერგეი რუსანოვი, რომელიც ხშირად დანაყოფის შესახებ ფოტოებსა და ინფორმაციას აქვეყნებს, წერდა, რომ მლინნიკი აფხაზეთის გარდა დნესტრისპირეთსა და ცხინვალის რეგიონშიც იბრძოდა. რიგის ომონის მეთაური თავადაც არ უარყოფდა, რომ მისი ყოფილი თანამებრძოლები აფხაზეთსა და ცხინვალში იბრძოდნენ. ის სხვა კონფლიქტებში “მუშაობაზეც” საუბრობდა.
"ჩვენმა ბიჭებმა გაიარეს იუგოსლავია, მთიანი ყარაბაღი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, გვინეაშიც კი მუშაობდნენ. დნესტრისპირეთში ბატალიონი "დნესტრი" - ჩვენები არიან. ჩეჩნეთის კამპანია გაიარა ბევრმა, პირველიც და მეორეც, თუმცა სხვადასხვა ქვედანაყოფებში.” - ამბობდა მლინნიკი ТАСС-თან საუბარში.
ფოტოგრაფი რუსანოვის გარდა, რიგის ომონის ვეტერანებისა და მლინნიკის აფხაზეთში აქტიურობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო პენსიაზე გასული პოლკოვნიკი ბორის პოდოპრიგორა არის. 2021 წელს პოდოპრიგორა წერდა, რომ მლინნიკის დანაყოფი აფხაზეთში მაშინ გაგზავნეს, როცა ომის გარდამტეხი მომენტი სეპარატისტების "თვითმობილიზაციაზე" იყო დამოკიდებული. პდოპრიგორა წერდა: “რუსეთი იმ დროს გახლეჩილი იყო. თუმცა მისი ხელმძღვანელობის ყველაზე პასუხისმგებლიან ნაწილს ქვეყნის სამხრეთ საზღვრებთან აშკარად არამეგობრული ძალის პოზიციების გამყარების ეშინოდა. გარდა ამისა, შავი ზღვის სანაპირო ზოლის 180 კილომეტრამდე შემცირებას (ყირიმამდე ჯერ კიდევ შორს იყო) ქვეყნისთვის შესაძლოა სტრატეგიული თვალსაზრისით უარყოფითი შედეგები მოჰყოლოდა. ამასთან, ჩრდილოეთ კავკასიაში ომის რისკიც უკვე მაშინ საგრძნობი იყო.”
2008 წელს გამოქვეყნებულ ტექსტში იგივე ავტორი კიდევ უფრო ზუსტად წერდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სეპარატისტების "თანამგრძნობმა" პოლიტიკოსებმა ჩესლავ მლინნიკს არაოფიციალური შეთავაზებით მიმართეს, რომ ამბოხებულების სარდლობისთვის ქვედანაყოფი მოემზადებინა. მისივე ცნობით, რიგის ომონის მეთაური "მოხალისეებთან" ერთად მალევე გადავიდა საქართველოს ტერიტორიაზე და შეიქმნა 26-კაციანი სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც ე.წ. პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბას რეზერვში შევიდა. როგორც რიგის ომონთან დაკავშირებული ფოტოგრაფი ირწმუნება, სპეცდანიშნულების რაზმის ვეტერანების გამოცდილება "აფხაზებს, დნესტრისპირელებსა და ყარაბაღის სომხებს დაეხმარა გადაედგათ პირველი ნაბიჯების საკუთარი პროფესიონალური არმიის ფორმირებაში".
სპუტნიკ აბხაზია, რომელიც მლინნიკს ესაუბრა, 2017 წელს წერდა, რომ რიგის ომონის ყოფილი მეთაური ორ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა. რაზმები 1992 წლის დეკემბრისთვის უკვე შექმნილი იყო და თავდაპირველ მიზანს ვითარების დაზვერვა წარმოადგენდა. თითო დანაყოფი 26-კაციანი იყო. მლინნიკის მტკიცებით, საქართველოს არმიაში ერთი რაზმის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, მეორეზე კი არაფერი იცოდნენ. პოდოპრიგორას ცნობით, ორივე ქვედანაყოფი ძირითადად რიგის ომონის ვეტერანებისგან, ასევე რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების ოფიცრებისგან შედგებოდა. ამავე ცნობებით, ერთი რაზმი მოიერიშე ჯგუფი იყო, მეორე კი სპეცდანიშნულების რაზმის ფუნქციას ასრულებდა და ტუმანი (ნისლი) ერქვა. რიგის ომონის ვეტერანებთან დაახლოებული ფოტოგრაფი სერგეი რუსანოვი წერს, რომ აფხაზეთში მლინნიკმა შექმნა სპეციალური დანიშნულების რაზმი დელტა, ის ტუმანს არ ახსენებს. როგორც თავად მლინნიკი, ისე პოდოპრიგორა, საუბრობენ, რომ 1993 წლის 16 მარტს ამ ქვედანაყოფებმა ზემო ეშერაში დანაღმული ხიდის განაღმვასა და მიმდებარე ქართულ პოზიციებთან შეტაკებებში მიიღეს მონაწილეობა. პოდოპრიგორას მტკიცებით, მლინნიკის რაზმის მიზანი აფხაზური დიდი იერიშის იმიტაცია და შედეგად ქართული პოზიციების გამხელა იყო. მხოლოდ ორ მიკერძოებულ წყაროზე დაყრდნობით ოპერაციის დეტალებზე ლაპარაკი რთულია. მათი მტკიცებით, ქართველებმა დიდი დანაკარგით დაასრულეს ბრძოლა, საკუთარი მხრიდან კი მხოლოდ ერთი სამხედრო დაეღუპათ და 16 დაეჭრათ. მდინარე გუმისთაზე გადებული ზემო ეშერის ხიდი სოხუმისკენ წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ობიექტი იყო. პოდოპრიგორას და თავად მლინნიკის ნაამბობი რეალურად უფრო დიდი სურათის - გუმისთის ბრძოლის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი მოვლენებს ტრიუმფალურად აღწერს, მაშინ შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სოხუმისკენ წინსვლის გაგრძელება ვერ შეძლეს.
რიგის ომონის ვეტერანებით დაკომპლექტებული რაზმი დელტა აფხაზეთში, გაგრაში. ზედა რიგში მეოთხე პირი ჩესლავ მლინნიკია.ხიდისთვის ბრძოლის ეპიზოდში თუ ამ მონათხრობების მიხედვით მლინნიკის მხოლოდ 26-52 კაცი მონაწილეობდა, სხვა ცნობებით, რუსი სამხედროების რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი ყოფილიყო. აფხაზი ჟურნალისტი ეკატერინე ბებია 2011 წელს წერდა, რომ გუმისთაზე გადებული ხიდის ბრძოლაში მონაწილეობდა რუსების "სპეცრაზმი", რომელიც სანქტ-პეტერბურგის 225-ზე მეტი მცხოვრებისგან იყო დაკომპლექტებული. მისივე ცნობით, სწორედ ეს შენაერთი გადავიდა ზემო ეშერის დანაღმულ ხიდზე პირველი. ბებია წერს, რომ ბევრი მათგანი ნაღმებზე აფეთქდა და დაღუპულთა შორის იყო ალექსანდრ ბელიაკი. ბელიაკი რიგის ომონის ვეტერანი იყო და თავად მლინნიკის მტკიცებით, ის ერთადერთი ჯარისკაცია, რომელიც მან აფხაზეთში ბრძოლაში დაკარგა. ბებიას ცნობით, პეტერბურგელი მოქირავეები საკუთარ ქალაქში ყოველ 16 მარტს იკრიბებიან, იხსენებენ ბრძოლასა და დაღუპულ თანამებრძოლებს.
“ქართველებს აბსოლუტურად სჯეროდათ გამარჯვების. ჩვენ აუცილებლად უნდა აგვემაღლებინა აფხაზეთის მცხოვრებთა მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა, გვეჩვენებინა, რომ ისინი მარტო არ არიან და გაგვეწია უშუალო დახმარება.” - თქვა მლინნიკმა სპუტნიკ აბხაზიასთან საუბარში.
პოდოპრიგორა ასევე ერთ მნიშვნელოვან, თუმცა დაუდასტურებელ დეტალზე წერდა. მისი ცნობით, ოპერაციაში მონაწილე რუსი სამხედროების ვარაუდით, ამ საბრძოლო მოქმედებების დაფინანსებასა და მხარაჭერაში შესაძლოა პეტერბურგის მაშინდელი მერი, ანატოლი სობჩაკი ყოფილიყო ჩართული. მეტიც, პენსიაზე გასული პოლკოვნიკის შენიშვნით, სობჩაკი შეიძლება ოპერაციას საკუთარი მოადგილის, მომავალში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შუამავლობით ამარაგებდა: “სხვათა შორის, მონაწილეთა ვარაუდით, ოპერაციის უზრუნველყოფაში შესაძლოა მაშინდელი პეტერბურგის მერი, ანატოლი სობჩაკი, ყოფილიყო ჩართული. რომელიც, დიდი ალბათობით, საკუთარი მოადგილის შუამავლობით მოქმედებდა... დიახ, სწორედ მისი [შუამავლობით]...”.
ქართულ საინფორმაციო სივრცეში გასულ წლებში მლინნიკის ომის დანაშაულებზეც წერდნენ, თუმცა ცნობების დადასტურება რთულია. მაგალითისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, თორნიკე კილანავა ამბობდა, რომ მლინნიკმა ეშერასთან “ქართველი გოგონა ნაკუწებად დაჭრა და ამაყად გამოაცხადა, როგორც ამ გოგონას სხეული ვერასდროს გამთლიანდება, ისე საქართველო ვერ გამთლიანდებაო”. მისივე ცნობით, რიგის ომონის მეთაურს სისასტიკის გამო "ჩეჩნებიც კი" ზედმეტსახელად "ზვერს" ანუ მხეცს ეძახდნენ. მსგავსი ბრალდებები შედარებით ადრეც ვრცელდებოდა.
თავად მლინნიკისა და ეშერის ხიდის ოპერაციაში მოკლული ალექსანდრ ბელიაკის გარდა, ამ ქვედანაყოფის კიდევ რამდენიმე მონაწილის სახელია ცნობილი. ერთ-ერთი მათგანია ალფრედ ზალიალოვი, რომელიც, იმავე ოპერაციაში, ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა. ცნობილია ანატოლი გრომოვის სახელიც, რომელმაც ასევე ფეხები დაკარგა. სხვა მონაწილეების გვარებს პოდოპრიგორა წერს. ის ახსენებს უფროს ლეიტენანტ რიჟოვს, უფროს ლეიტენატ ლაკტიონოვსა და უფროს ლეიტენანტ პეტროვს. 2016 წელს ვილნიუსის სასამართლომ 1991 წელს ლიტველი მესაზღვრეების მკვლელობაში დამნაშავეებად, ჩესლავ მლინნიკის გარდა, სწორედ რიგის ომონის ყოფილი წევრები - ანდრეი ლაკტიონოვი და ალექსანდრ რიჟოვი ცნო. მათ სამუდამო პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლოს მიხედვით, მლინნიკმა საბაჟო პუნქტზე თავდასხმის ბრძანება გასცა, რაც ლაკტიონოვმა და რიჟოვმა შეასრულეს. რუსეთში დაბრუნებულმა რიჟოვმა სანქტ-პეტერბურგში შეიარაღებული თავდასხმებისთვის დანაშაულებრივი დაჯგუფება შექმნა და 2011 წელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებების სერიისთვის 15 წლით პატიმრობა მიესაჯა. მლინნიკი, ლაკტიონოვი და გრომოვი ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ორჯერ დააჯილდოვა, ჯერ 2011, შემდეგ კი 2017 წელს (სულ მცირე, გრომოვი და მლინნიკი). პოდოპრიგორა მლინნიკის რაზმის სხვა წევრებსაც ასახელებს: ქვედანაყოფი ტუმანის დივერსანტი იური საპუნოვი, ალექსანდრ კალინუშკინი (კალინუშკინი მლინნიკთან ერთად ავღანეთში 1980 წელს 357-ე პარაშუტისტთა სადესანტო პოლკის რიგებშიც იბრძოდა), რომელიც ხიდის ოპერაციის ფარგლებში დაიჭრა და სერგეი კოცურა. მლინნიკის ქვედანაყოფში იბრძოდნენ ვადიმ აკსიონოვი და ვადიმ ჩერნიხიც, რომლებიც მის რაზმს უკვე რუსეთში, რიგის დატოვების შემდეგ შეუერთდნენ. ეს ორი მოქირავნეც აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ დაჯილდოებულია.
მარცხნივ - ალექსანდრ რიჟოვი. მარჯვნივ - ანდრეი ლაკტიონოვიროგორც ჩანს, მლინნიკი სოხუმის დაცემის დროს აფხაზეთში არ ყოფილა, რადგან ის ამავე დღეებში მიმდინარე 1993 წლის საკონსტიტუციო კრიზისში თეთრ სახლში გამაგრებულ ელცინის მოწინააღმდეგე უზენაესი საბჭოს დეპუტატებს იცავდა. შემდეგში, როგორც თავად ამბობდა, ჩეჩნეთის ომშიც მონაწილეობდა და ჯოხარ დუდაევის საწინააღმდეგოდ მოხალისეთა ბატალიონებს კრებდა. მან მოღვაწეობა ნევზოროვის დაფუძნებულ მოძრაობა “ჩვენებშიც” გააგრძელა. 1994 წლის იანვარში მლინნიკი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისა და საბუთების გაყალბების ბრალდებით დააკავეს, ოქტომბერში გაასამართლეს, თუმცა სასჯელად შეუფარდეს პატიმრობა იმ ვადით, რა ვადითაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და გაათავისუფლეს. 1995 წელს СКП-КПСС-ის (კომუნისტურ პარტიათა კავშირი - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია) კანდიდატად მონაწილეობდა სახელმწიფო დუმის არჩევნებში, 1999 წელს კი - დამოუკიდებელ კანდიდატად. ორივე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 2000 წელს კი მლინნიკს პოლკოვნიკის რანკი მიენიჭა.
თუმცა მლინნიკის ოკუპირებულ აფხაზეთთან ურთიერთობა 1993 წელს არ დასრულებულა. 2004 წელს ის კრემლმა საკუთარ წარმომადგენლად ადგილზე არსებული კრიზისის მოსაგვარებლად გაგზავნა. ამ პერიოდში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სერგეი ბაგაფში რაულ ხაჯიმბას უპირისპირდებოდა. ხაჯიმბა, რომელიც მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრემიერმინისტრის პოზიციას იკავებდა, მოსკოვის რჩეული კანდიდატი იყო, თუმცა ე.წ. არჩევნებში ბაგაფშმა გაიმარჯვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სანქტ-პეტერბურგის ადგილობრივი მედია ფონტანკა წერდა, რომ მლინნიკი სოხუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის სახით გაგზავნეს, რათა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ეწარმოებინა. როგორც ფონტანკა წერდა, სავარაუდოდ, მლინნიკი ბაგაფშის გამარჯვების დამტკიცების შემთხვევაში მარიონეტული მთავრობის შემადგენლობას განიხილავდა და მისი ინიცირებული უნდა ყოფილიყო ე.წ. პრემიერმინისტრის პოსტზე რუსეთის გადაუდებელ ვითარებათა სამინისტროს მაღალჩინოსანი ნოდარ ხაჟბას დანიშვნა. თუმცა, როგორც ლატვიური მედია კომპრომატი წერდა, მლინნიკი ოკუპირებულ აფხაზეთში ჯერ კიდევ 2004 წლის ზაფხულში ჩავიდა და შესაძლოა ხაჯიმბას კამპანიის ხელმძღვანელიც ყოფილიყო. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ცნობით, მლინნიკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის მოვალებას 2005 წელსაც აგრძელებდა.
ჩესლავ მლინნიკმა შესაძლოა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღდეგ კიდევ ერთხელ იბრძოლა. სავარაუდოდ, ის 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა. ამის შესახებ მხოლოდ ერთი წყარო საუბრობს. 2011 წლის 19 აგვისტოს გაზეთ ტიუმენსკი კურიერში დაიბეჭდა ინტერვიუ, რომელიც ტიუმენის ომონის მეთაურს, ვალერი ბროვკინს ჩამოართვეს. ბროვკინი ყოფილი რიგის ომონის ხელმძღვანელად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მლინნიკმა ტიუმენი დატოვა. ბროვკინის თქმით, "ჭორების მიხედვით, ის მძიმედ დაიჭრა 2008 წლის ზაფხულში სამხრეთ ოსეთში". ამავე სტატიაში ბროვკინი ამბობს, რომ მლინნიკთან ცუდი ურთიერთობა აქვს. როგორც ინტერვიუერი ამბობს, ტიუმენის ომონის ახალმა მეთაურმა მძიმედ გადაიტანა აფხაზეთში რიგის ომონის ვეტერანის, ალექსანდ ბელიაკის სიკვდილი, რაშიც თავად ბროვკინი მლინნიკს ადანაშაულებს.
“რიგაში მეზობლად ვცხოვრობდით. ჩემს თვალწინ გაიზარდა. მის КГБ-ს სასაზღვრო ჯარების საზღვაო ნაწილებში მსახურობის შემდეგ, რიგის ომონში ჩარიცხვისთვის საბუთები მე გავუფორმე. თუმცა ტიუმენში ვერ შევძელი ქვედანაყოფიდან გათავისუფლებისგან გადამერწმუნებინა. საჭირო სიტყვები მაშინ ვერ ვიპოვე, ამისთვის კვლავ ვადანაშაულებ ჩემს თავს. მლინნიკი საკუთარი “ავღანელის” ავტორიტეტით ახალგაზრდა ბიჭებისთვის უფრო დამაჯერებელი იყო. თავები გამოუშტერა.
საშა დაიღუპა, როცა ბრძოლაში სხვა ყოფილი ომონელის გადარჩენას ცდილობდა - ალფრედ ზალიალოვის, რომელსაც ნაღმის აფეთქებამ ფეხები მოწყვიტა. ბელიაკის დაკრძალვაზე, რომლის შვილებიც ობლად დარჩნენ, მლინნიკს პირისპირ ყველაფერი ვუთხარი, რასაც მასზე ვფიქრობდი. ამის შემდეგ მას არ შევხვედრილვარ, მხოლოდ საერთო თემებზე სატელეფონო ზარებით შემოვიფარგლებით.” - თქვა ინტერვიუში ბროვკინმა.
მლინნიკის კვალი თანდათან ქრება. მის შესახებ ბოლო ცნობა 2024 წლის ივლისში გავრცელდა. MK.ru წერდა, რომ რიგის ომონის ყოფილი მეთაური მოსკოვში, საკუთარ სახლში, კიბიდან გადმოვარდა და 5 მეტრის სიმაღლიდან ზურგით დაეცა. მედიის ცნობით, მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა და რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
ჩესლავ მლინნიკისა და რიგის ომონის ვეტერანების ქვედანაყოფი მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია, როგორ მონაწილეობდნენ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.