EU–ს რეზოლუციის პროექტი – მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია

1. მკაცრად ვგმობთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას, რადგან ის დააწესებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რითაც დააზიანებს მათი თავისუფლად ფუნქციონირების შესაძლებლობას, რამაც უკვე გამოიწვია მასობრივი პროტესტი საქართველოს საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეებისა და ქვეყნის ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან; 2. ხაზს ვუსვამთ, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას; 3. ხაზს ვუსვამთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია; 4. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს საპარლამენტო საქმის წარმოება, რომელიც მიგვიყვანს კანონის მიღებამდე და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც 2023 წლის მარტში აიღო, როდესაც განაცხადა, რომ უპირობოდ უკან გაიწვევდა ამ კანონპროექტს და აღარ წარადგენდა მსგავს კანონს; მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს შემდგომი საკანონმდებლო წინადადებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს; 5. ხაზს ვუსვამთ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და მიაღწიოს ევროკავშირში გაწევრიანებას; 6. ხაზს ვუსვამთ, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლებები და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანაში; 7. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და, შესაბამისად, გამოთქვამს შეშფოთებას სპეცრაზმის მიერ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ დემონსტრანტების დასაშლელად არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობების გამო; მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს პირები, ვინც პასუხისმგებელია ძალის უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებაზე; 8. ხაზს ვუსვამთ, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის და ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელ მედია თავისუფლად იმუშავებს; 9. ვგმობთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა შთაგონებას იღებს უაღრესად სადაო რუსული კანონმდებლობისგან, როგორიცაა ს კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც მიზანმიმართულად ახდენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების დისკრიმინაციას და ასევე გამოიყენება რუსეთის ომის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებების ჩასახშობად. 10. ვიხსენებთ, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში; ხაზს ვუსვამთ, რომ ეს რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედება და ებრძოლოს დეზინფორმაციას, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ და რომ ზემოხსენებული კანონპროექტი არღვევს ორივე მიზანს; 11. შევახსენებთ საქართველოს მთავრობას იმ ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ ერთგულების ვალდებულების შესახებ, რომელიც მან ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის დროს აიღო და მოვუწოდებთ კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, გააკეთონ იგივე; 12. მოვუწოდებთ კომისიას, წარადგინოს საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან დაკავშირებით; 13. მოვუწოდებთ კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ ამ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც დონორის როლზე საქართველოში და ნათლად მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ამ შესაძლო ზემოქმედებისა და ზოგადად ევროკავშირის დაფინანსებაზე მისი შედეგების შესახებ; 14. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, პატივი სცეს, გააძლიეროს და ხელი შეუწყოს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და ჭეშმარიტად ჩაერთოს პირობების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების სრულად განხორციელებაში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან ჩართულობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით; 15. ვიმეორებთ ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი და მათი სურვილისადმი, იცხოვრონ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის თავისუფლად მუშაობას; ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მოტივირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის აღიარების სურვილით, ისევე როგორც მის მოქალაქეებს შორის ევროკავშირში გაწევრიანების აბსოლუტური მხარდაჭერით; 16. მოვუწოდებთ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გრძელვადიანი საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიას, დააკვირდეს ქვეყნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებს 2024 წლის ოქტომბერში; 17. ვავალებთ ევროპარლმენტის თავმჯდომარეს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, ასევე საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს.

ასევე დაგაინტერესებთ