რამდენიმე ქართული გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ, Sport.ua-სთან ინტერვიუში, ერთა ლიგაზე საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მომავალ მატჩზე ისაუბრა.
– ყველანი სამართლიანად აკეთებენ აქცენტს პსჟ-ს ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას ფიგურაზე. ვინ შეგიძლიათ კიდევ საქართველოს ნაკრების სახიფათო ფეხბურთელებიდან გამოარჩიოთ?
– ყველას სახელებით გამორჩევა ადვილი არ არის, მაგრამ ჩაკვეტაძეს აღვნიშნავ, რომელიც ინგლისში კარგად გამოიყურებოდა, ახლა კი „უდინეზეში“ ასპარეზობს. ასევე „ვილიარეალის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს. არიან მცველები, რომლებსაც ჭკვიანურად და საიმედოდ მოქმედება შეუძლიათ – მაგალითად, ლუკა ლოჩოშვილი. ის ბუნდესლიგის „კიოლნში“ თამაშობს. იქ კარგი დონის ფეხბურთელები საკმაოდ ჰყავთ, დამიჯერეთ.
– თქვენი აზრით, თავისი ბოლო შეხვედრების გათვალისწინებით, შეუძლია ხვიჩა კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ რეალური პრეტენდენტი იყოს?
– მიმაჩნია, რომ შეუძლია. იმის გათვალისწინებით, როგორ გაიბრწყინა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე, როგორ ძლიერად, უმაღლეს დონეზე ჩაატარა დასკვნითი ნაწილი და როგორ უნარებს აჩვენებს, სავსებით შეუძლია უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდოსთვის იბრძოლოს. ის თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
– იმის გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი ინდივიდუალისტები არ გვყავს, ასეთი მასშტაბის შემსრულებლის განეიტრალება მალდერას სამწვრთნელო შტაბს როგორ შეუძლია?
– უკრაინის მთავარი კოზირი გუნდური შეთამაშებლობა და კოლექტიური მთლიანობაა. საქართველოს ჰყავს ვარსკვლავები, რომლებსაც მარტო ძალუძთ ეპიზოდის გადაწყვეტა. ჩვენი ძალა კონცეფციაშია – „გუნდი-ვარსკვლავი“. ევროპის კარგ გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელები გვყავს, აგრეთვე უკრაინის ჩემპიონატიდან წამყვანი შემსრულებლები.
ჩვენი ძალა მონოლითურობაშია, მაღალ დისციპლინასა და ხარისხიან გუნდურ თამაშში. თუ ასეთი გამოკვეთილი კაშკაშა ტალანტი არ გვყავს, ყველაფერი დალაგებულ კოლექტიურ მოქმედებაზე უნდა ავაწყოთ.
– გამოდის, ხვიჩა საქართველოსთვის ერთდროულად მთავარი უპირატესობა და პოტენციურად მოწყლვადი მხარეა? თუ მას საერთოდ „გამოვთიშავს“, ეს სრულიად სხვა გუნდი იქნება?
– აბსოლუტური სიმართლეა. თუ ჩვენმა ბიჭებმა ხვიჩას განეიტრალება მოახერხეს და სივრცე არ დაუთმეს, ეს უკრაინისთვის დადებითი შედეგისთვის უზარმაზარი ნაბიჯი, ხოლო მეტოქისთვის ძლიერი დარტყმა იქნება. კვარაცხელია საკვანძო ფიგურაა, რომელზეც ქართველთა თამაშის მთელი კონსტრუქციაა დამოკიდებული.
დემჩენკომ კომენტარი UA-Football-თანაც გააკეთა: „თუ ჩვენი ბიჭები ისეთივე ფეხბურთს ითამაშებენ, ეს იმის დადასტურება გახდება, რომ ისინი სწორ გზაზე არიან, წინა წარმატება კი შემთხვევითობა არ იყო. ჩემი აზრით, ბოლო მატჩების შედეგების გათვალისწინებით, ფავორიტი სწორედ უკრაინაა“.

