გორში, ლომჭაბუკის სკვერში, პარლამენტის წევრის, ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლის გიორგი სოსიაშვილისთვის ტრიბუნას ამზადებენ.
როგორც გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, მარლენ ნადირაძემ განაცხადა, საკრებულოს წევრებს, კერძოდ ქალთა და ბავშვთა საბჭოს წარმომადგენლებს აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი ლექციას წაუკითხავს.
,,ქალთა და ბავშვთა საბჭო” 2025 წლის ივლისში ჩამოყალიბდა გენდერული თანასწორობის საბჭოს ბაზაზე.
საკრებულოს დადგენილების მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
საკრებულოს თავმჯდომარე
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე,
საკრებულოს სხვა წევრები
საკრებულოს აპარატის წარმომადგენელები,
მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები
მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
ტერიტორია, სადაც გიორგი სოსიაშვილისთვის შეხვედრის ადგილს ამზადებენ, ლომჭაბუკის სკვერში მდებარეობს. ის აპირებს, რომ საკრებულოს წევრებს დავით აღმაშენებლის შესახებ ესაუბროს.
ცნობისათვის, აღნიშნულ ადგილზე უნდა ჩატარებულიყო ,,კამარა ფესტივალი”. ფესტივალში მუსიკოს კორძის მონაწილეობა გააპროტესტეს ქართული ოცნების წევრებმა პარლამენტში. ,,ქართული ოცნებისა” და სახელისუფლებო მედიების შეტევის შემდეგ, ,,კამარა ფესტივალი” ჩაიშალა.