თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ პატიმრობას მოითხოვდა, აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 10 სექტემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.