„60 ჭრილობა დანით… ტელეფონზე დარეკვა უცდია. ზარის ჩამწერი ჰქონია ტელეფონზე და მთელი მკვლელობა ჩაწერილია“

ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში, დღეს, 30 აგვისტოს, დაკრძალეს 60 წლის მარგო ზოიძე. ქალი, რომელიც 28 აგვისტოს, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს ყაჩაღებმა.

ოჯახის ახლობლების თქმით, მკვლელობა ფულის გამო მოხდა.

„მეზობლებთან უთქვამს 5 ათას ლარამდე მაქვს შეგროვილი ჯამშიო,“ – უთხრა „ბათუმელები“ ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა. მოკულულის ოჯახის ერთ-ერთ  წევრს, ეს ინფორმაცია საჯაროდაც აქვს გამოქვეყნებული.

მარგო ზოიძე ნასაკირალში, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობდა. მისი მეუღლე მთელი ზაფხული გომისმთაზე მუშაობდა, მკვლელობის ღამეს ქალი სახლში მარტო იყო.

„28 აგვისტოს, გვიან ღამე, ფანჯრიდან შევიდნენ თურმე ყაჩაღები. გაუგია მარგოს, როგორ ცდილობდნენ მეტალპლასტმასის ფანჯრის შემტვრევას, ასე უცებ ხომ ვერ შეამტვრევდნენ და ტელეფონზე დარეკვა უცდია. ზარის ჩამწერი ჰქონია ტელეფონზე და მთელი მკვლელობა ჩაწერილია.

სამნი ყოფილან. მარგო წინააღმდეგობას უწევდა თურმე. ეუბნებოდა არ მაქვს ფული, არაფერს მოგცემთო. ერთი მარგოს იჭერდა, ორი სახლში ფულს ეძებდა. მარგოს უბრძოლია – ვინც იჭერდა იმისთვის სახე ჩამოუკაწრავს, ნიღაბი ჩამოუძვრია და უთქვია „გიცანი, გიცანი ვინც ხარ, წადით აქედან არ მაქვს ფულიო“.

სახელებსაც ამბობს თურმე ჩანაწერში.

დანით დაჩეხეს. 60 ჭრილობა ჰქონდა ქალს.

ოზურგეთში, საავადმყოფოში რომ მიუყვანიათ, მარგოს ხელში ერთ-ერთი მკვლელის თმა ჰქონია შერჩენილი. ექიმს უთქვამს – „ჩემს პრაქტიკაში რა არ მინახავს, მაგრამ ასეთი სასტიკი არაფერიო“. მუცლის ზემოთ მთელი სხეული დაჩეხილი ჰქონდა თურმე მარგოს.

მეზობლებს იმ ღამეს გაუგიათ ხმაური. კართანაც მისულან – მარგო, მარგოო ეძახდნენ, მაგრამ ხმა არ გაუცია.

მეორე დღეს იპოვეს უკვე გარდაცვლილი და პოლიცია გამოიძახეს,“ – უყვება „ბათუმელებს“ ოჯახის ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ადამიანის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე ვადით.

„ბათუმელებმა“ შსს-ს ჰკითხა, დაკავებულია თუ არა მკვლელობაში ბრალდებულები.

შსს-ს ინფორმაციით, „ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები“.

შსს-ში ასევე არ დაგვიდასტურეს რაიმე ჩანაწერის არსებობა, რომელიც მკვლელობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, კობახიძე იძულებული გახდა, თავისი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტებში ჩარიცხოს ის 1795 აბიტურიენტი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი