ეს საქმიანობა დამღლელია, მის ფსიქოლოგიურ სტრესს გაგებით მოვეკიდეთ – კობახიძე მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ეხმაურება თავისი თანაგუნდელის, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან მოულოდნელ წასვლას.
27 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ მდინარაძეს საჯარო მადლობა გადაუხადა „მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე და დამსახურებისთვის გუნდის წინაშე“, შემდეგ კი თქვა:„ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო. ჩვენ გვქონდა შეხვედრა გუშინ, ასევე დღეს, მათ შორის გვქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან“.რაჭაში მყოფმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა: „ეს იყო მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ვცადეთ, ის დაგვერწმუნებინა საპირისპირო გადაწყვეტილებაში, თუმცა, მას მყარი პოზიცია ჰქონდა ჩამოყალიბებული“.
ფსიქოლოგიური სტრესი“ – ეს არგუმენტი გაიზიარესკობახიძემ ისიც თქვა, რომ მდინარაძე დაიღალა და მის „ფსიქოლოგიურ სტრესს“ გუნდშ გაგებით მოეკიდნენ:„მისი დამოკიდებულება და პოზიცია იყო, რომ დამღლელი არის გარკვეულწილად ის საქმიანობა, რომელშიც ჩვენ ყველანი ვართ ჩართულნი. არ ვგულისხმობს ფიზიკურ დაღლას, ვგულისხმობს ფსიქოლოგიურ სტრესს, რა თქმა უნდა, რომელიც არის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული“. „და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდეთ“, – განაცხადა კობახიძემ და ბოლოს კვლავ დასძინა, რომ მდინარაძის ამ არგუმენტის მოსმენის შემდეგ ეს საკითხი მან და ბიძინა ივანიშვილმა ერთად განიხილეს:„ამაზე გვქონდა ჩვენც მსჯელობა… შემდეგ, ცალკე მქონდა მე მსჯელობა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, როდესაც მოვისმინეთ მისი [მდინარაძის] პოზიცია საკუთარ გადადგომასთან დაკავშირები“. „საბოლოო ჯამში, ჩვენთვის გასაზიარებელი აღმოჩნდა ის პოზიცია. აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, არის ბევრ სტრესთან დაკავშირებული ის საქმიანობა, რასაც ჰქვია პოლიტიკური საქმიანობა… შესაბამისად, ანგარიში გავუწიეთ და გავიზიარეთ მისი ეს დამოკიდებულება“, – განაცხადა მან.მდინარაძის განცხადება წასვლაზემდინარაძემ, – რომელიც ბოლო დღემდე ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი იყო, – 27 აგვისტოს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.ის უარყოფს, რომ მისი გადადგომა ყოფილი პრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს უკავშირდება და კვლავ ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილისთვის წერილი არ გაუგზავნია:„არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული“.
„ჩემი გადადგომა ნამდვილად ჩემი ინიცირებული იყო“, – თქვა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.მისი განცხადებით, გუშინ, 26 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, ხოლო დღეს, 27 აგვისტოს დილით – პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და კობახიძეს ერთად.„მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“, – მდინარაძე ამტკიცებს, რომ ამაში კობახიძე და ივანიშვილი დაარწმუნა.„ჩემი პოზიცია დღეს არ იყო ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ“, – თქვა მდინარაძემ მთავრობაში რეგიონული განვითარების მიმართულებაზე – „რომ მეფიქრა, გუნდში არავინაა, ვინც ჩემს გარდა რეგიონებს მიხედავს, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას“.