მდინარაძის წასვლა – პოსტიდან პოსტზე გადასვლის შემდეგ

26 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციაში, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი მარტომ გამართა. მის გვერდით არ იდგა პრემიერ-მინისტრი – მისთვის საჯარო მადლობა პირისპირ არ გადაუხდიათ და არც მისი შემცვლელი დაუსახელებიათ.პოლიტიკიდან წასვლამდე, არასრულ ერთ წელში, მდინარაძემ სამი თანამდებობა გამოიცვალა და როცა ბოლოს, უსაფრთხოების გენერალ-მაიორის წოდებებით, სამუშაოდ რეგიონების მიმართულებით გადაიყვანეს – ბევრმა იწინასწარმეტყველა, რომ მისი კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა.ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მდინარაძე კი არ წავიდა, არამედ ის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით – თანდათან გაუშვეს.26 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ – მისი გაშვება არ უნდოდათ ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს, თუმცა “შინაური საუბრის” დროს დაარწმუნა, რომ – ოჯახისთვის “მეტი დრო” ესაჭიროება, დასვენებასაც იმსახურებს და თანაც რეგიონული მიმართულების მენეჯერის პოსტზე – შეუცვლელი არ არის.რა იწვევს შეკითხვებს?რეგიონული განვითარების სამინისტროს ფეისბუკგვერდზე ბოლო პოსტი 25 აგვისტოთი თარიღდება. ტექსტში ნათქვამია, რომ მინისტრმა უკვე დაასრულა ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი, განიხილეს “სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები”, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს “რეგიონებში მიმდინარე პროექტების ეფექტიანად განხორციელებას”; იმსჯელეს საკითხების “სწრაფად და ეფექტიანად გადაჭრის” გზებზეც.ცნობა მინისტრის გადადგომისა და საერთოდ – პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არც სამინისტროსა და არც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდებზე არ გამოქვეყნებულა.
ირაკლი კობახიძემ საღამოს დაადასტურა, რომ მდინარაძე თავისი ნებით წავიდა და რომ ეს “სამწუხაროა”. “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურმა მას მადლობაც ჟურნალისტებთან გადაუხადა – “გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მისი სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე, მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე”.”ის ათი წლის განმავლობაში უამრავ რამეს აკეთებდა, რაც საბოლოო ჯამში, აისახა ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენი გუნდის გაძლიერებაზე. შესაბამისად, მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა”, – თქვა კობახიძემ მდინარაძეზე და მის გადაღლას, “ფსიქოლოგიურ სტრესს” გაუსვა ხაზი.
29 ივლისს, როდესაც ირაკლი კობახიძემ ძალოვანი სტრუქტურებიდან მდინარაძის რეგიონების მიმართულებით გადაყვანის შესახებ გამოაცხადა, თქვა, რომ ახლა რეგიონების საკითხი “სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ამოცანაა”, ხოლო განსაკუთრებული შესაძლებლობების ლიდერი სწორედ “ამ მისიის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე” შეარჩიეს.შემართებას ავლენდა თავად მდინარაძეც.“რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა, გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო”, – თქვა მან 29 ივლისს.26 აგვისტოს კი გადადგა და თქვა, რომ წასვლაზე უკვე “რამდენიმე კვირაა” ფიქრობს.რეგიონებში გადაყვანამდე, მამუკა მდინარაძეს ძალოვანი ორგანოების კოორდინაცია ევალებოდა – პოსტზე, რომელიც სპეციალურად მისთვის შეიქმნა.სახელმწიფო მინისტრად სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძე 3 თვეს მუშაობდა [2026 წლის 30 აპრილიდან 29 ივლისამდე];შემდეგ მისთვის, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში კიდევ ერთი პოსტის შექმნას გეგმავდნენ – სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში.სუსის უფროსად 6 წლით არჩეულმა მდინარაძემ ამ პოზიციაზე მხოლოდ არასრული 8 თვე დაყო [2025 წლის 3 სექტემბრიდან 2026 წლის 21 აპრილამდე].
წავიდა თუ გაუშვეს?საჯარო სამსახურიდან და პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლის ამბავი არ გაჰკვირვებიათ მათ, ვინც ეს ძალოვანი სტრუქტურებიდან მისი ჩამოშორების შემდეგ იწინასწარმეტყველა და არც მათ – ვინც ბიძინა ივანიშვილის ხელწერას კარგად იცნობს.“მთელი ფილოსოფია ის არის, რომ – ტოტალიტარი წყვეტს საკუთარი ნების მიხედვით. ეს არის თავი და ბოლო”, – ეუბნება პოლიტიკის ექსპერტი, ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან ტელეგადაცემის ერთობლივად წაყვანის გამოცდილება აქვს. გამზარდია თითქმის დარწმუნებულია, რომ მდინარაძის წასვლას ივანიშვილის უკმაყოფილება უდევს საფუძვლად – “მიზეზი კი თეორიულად ნებისმიერი რამ შეიძლება ყოფილიყო”.“აქ ორი ძირითადი ასპექტია: თუკი მაგალითად ის [ივანიშვილი] აღმოაჩენდა, რომ – რაღაც შესაძლოა მისგან დამოუკიდებლადაც [ფარულად] შეიძლება მიმდინარეობდეს და მეორე – ადამიანებმა გააკეთეს ის, რაც მას [ივანიშვილს] სურდა, მაგრამ რაღაც მოვლენები მის სასარგებლოდ არ გადაწყდა… და რა პრობლემაა, რომ ეს ადამიანები გააქროს ისევე, როგორც გააჩინა სადღაციდან”, – გამზარდიას დაკვირვებით, “კობახიძე-მდინარაძის ხელით ივანიშვილს არაფერი მოუგია”, რადგან მდინარაძის, როგორც “კობახიძის მარჯვენა ხელის” აქტივობებმა [მათ შორის – ადამიანების დაჭერამ თუ შეზღუდვამ] საზოგადოებრივი წინააღმდეგობა გაზარდა და “ქართული ოცნების” ელექტორატის გულიც კი ვერ მოიგო.“ტოტალიტარის კარზე არ შეიძლება ადამიანმა დაიჯეროს, რომ ის რაღაცას წარმოადგენს, რაც, როგორც ჩანს, დაიჯერა მდინარაძემ”, – არჩილ გამზარდია დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილს ამბიციური ადამიანები არ უყვარს.
26 აგვისტოს, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ “განზე გაწევა” მისი “გულწრფელი სურვილი” იყო და ამის შესახებ გუნდში სულ ორმა ადამიანმა იცოდა:პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ, რომელსაც 25 აგვისტოს – “დიდი ხნის განმავლობაში” ელაპარაკადა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ – ბიძინა ივანიშვილმა – რომელთანაც 26 აგვისტოს, დილის 10:00 საათზე დაახლოებით ერთსაათიანი “შინაური საუბარი” შედგა, კობახიძის მონაწილეობით.მდინარაძემ თქვა ისიც, რომ თავიდან მისი სურვილი ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა არ მოიწონეს, მაგრამ ბოლოს გაუგეს – რადგან ოჯახისთვის “მეტი დრო” ესაჭიროება, დასვენებასაც იმსახურებს და თანაც – რეგიონულ საკითხებზე მუშაობას სხვებიც მოახერხებენ.მდინარაძემ, ბრიფინგზე, მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს – “ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული”.
ბოლო წლებში, ვინც კი “ქართული ოცნების” ხელისუფლების მაღალი თანამდებობიდან და პოლიტიკიდან წავიდა, ყველა აცხადებდა, რომ – ეს საკუთარი გადაწყვეტილებით მოხდა. თუმცა მუდმივად ბუნდოვანი იყო – წავიდა თუ გაუშვეს. წასულების ნაწილი შემდეგ – საპატიმროში აღმოჩნდა.“საკუთარი ნებით” წავიდა ორგზის ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც. თქვა, რომ – სურდა ოჯახისთვის მეტი დრო დაეთმო.“მდინარაძე დიდი ხანია წასულია – უბრალოდ ამას ახლა რაღაც უცნაური სახე მიეცა… ის დიდი ხანია ჰაერშია დატოვებული და ახლა ტექნიკურად გაფორმდა ეს ყველაფერი… კობახიძე დარჩა მარტო სახლში, დამლაპარაკებელიც აღარავინ ჰყავს ”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ერთ დროს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” მთავრობაში კობახიძე-მდინარაძის გუნდის პოზიციების შესუსტებაზე უკვე კარგა ხანია ლაპარაკობს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა კობახიძეს სანდო საყრდენი ადამიანები ჩამოაშორა.“ბავშვებს ილუზიები გაუჩნდათ. ამის პროვოცირება თავად ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა – ის საბელს აგრძელებს ხოლმე და მერე აკვირდება – ვინ როგორ იქცევა” – ამბობს გია ხუხაშვილი.
მდინარაძის მიმართ კობახიძის კეთილგანწყობა და ნდობაც თვალსაჩინო იყო ბოლო წლებში და ბევრისთვის ამაზე მინიჭებული წოდებების სწრაფი ზრდაც მეტყველებს:2026 წლის 20 აპრილს მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გახდა, სუსის უფროსის პოსტიდან წასვლამდე ერთი დღით ადრე;2026 წლის 8 აპრილს მას სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა;2026 წლის 9 მარტს – სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის;2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანებით, მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის წოდება მიენიჭა;2025 წლის 26 დეკემბერს [მეორე დღეს] კი – სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის;2025 წლის 23 ოქტომბერს მდინარაძეს უფროსი ლეიტენანტის წოდება მიენიჭა;2025 წლის 3 სექტემბერს – სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტი გახდა.26 აგვისტოს, გამოსამშვიდობებელ ბრიფინგზე, მდინარაძე დაბრუნების შესაძლებლობაც ახსენა:“ამ ეტაპზე, მე არ გეუბნებით, რომ დაბრუნებას ვაპირებ, თუმცა თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები”, – თქვა მან.”დაბალი ღობე” მდინარაძის წასვლას წინ უძღოდა ირაკლი ღარიბაშვილის წერილები და ბრძოლის დაანონსება ციხიდან.“ქართული ოცნების” ორგზის ექსპრემიერმა განაცხადა, რომ მასზე ზეწოლას ახდენდა მდინარაძე, “ბიძინა ივანიშვილის დავალებით”, როცა კორუფციული ბრალის აღიარებას პოლიტიკიდან სამუდამო გამიჯვნის გარანტიად ითხოვდა.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მდინარაძისგან წერილი ივლისში მიიღო; ამ დროს მდინარაძე სახელმწიფო მინისტრი იყო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში.26 აგვისტოს, ბრიფინგზე, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ წერილი არა თუ ღარიბაშვილისთვის, ცხოვრებაში არავისთვის მიუწერია; ხოლო ექსპრემიერს შესაძლოა კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლით გამოწვეული ბრაზი ამოძრავებდეს.“მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ერთი წამით კორუფციასთან ბრძოლაში უკან არ დახეულა, თუკი ვინმე განაწყენებულია იმაზე, რომ სუსი ვიღაცას კორუფციულ დანაშაულზე აკავებდა, მაშინ, როცა მამუკა მდინარე სუსის უფროსი იყო, შეიძლება ამასაც მივაწეროთ”, – მამუკა მდინარაძემ არც ის გამორიცხა, რომ ვიღაცამ ის “დაბალ ღობედ” ჩათვალა, მას შემდეგ, რაც “თანამდებობაზე აღარ იყო”.ათი თავით სჯობდა დღევანდელ ხელისუფალთ – წერდნენ ღარიბაშვილზე სოციალურ ქსელებში მისი განცხადებების გამოქვეყნების შემდეგ. “ქართული ოცნების” ძველი მხარდამჭერების პოზიციაში ჩანდა, როგორ გაიზარდა მათი კრიტიკისა და მღელვარების მუხტი.