პუტინის ოქროს “საიდუმლო” – რუსეთი ძვირფასი ლითონის მარაგების გარეშე რჩება?!

Bloomberg-ის მონაცემებით, რუსეთის ბანკის ოქროს რეზერვი მკვეთრად იკლებს. კერძოდ, 1-ელი აგვისტოს მონაცემებით, მარაგი 73.2 მლნ უნციამდე, ანუ 2.280 ტონამდე დაეცა, რაც 2020 წლის იანვრიდან მოყოლებული, ანუ ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი დონეა.

ივლისში რეზერვი 0.2 მლნ უნციით, ხოლო წლის დასაწყისიდან, დაახლოებით, 50 ტონით შემცირდა. შვიდი თვის განმავლობაში რეზერვში ოქროს ღირებულება 33.7 მლრდ დოლარით შემცირდა.

მარაგის კლება, თითქმის, უწყვეტი ზრდის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დაიწყო. Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის ბანკი მსოფლიოში ოქროს უმსხვილესი სახელმწიფო შემსყიდველი იყო, თუმცა შესყიდვები 2020 წლის დასაწყისში შეაჩერა. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2025 წლის დასაწყისისთვის რუსეთის საერთაშორისო რეზერვში ოქროს მოცულობამ 75 მლნ უნციას მიაღწია. მაჩვენებელი მთელი 2025 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, უცვლელი დარჩა, მაგრამ 2026 წელს სტაბილურად დაიწყო კლება. კერძოდ, 1 იანვარს რეზერვმა 74.8 მლნ უნცია, 1 თებერვალს 74.5 მილიონი, 1 მარტს 74.3 მილიონი, 1 აპრილს 74.1 მილიონი, 1 მაისს 73.9 მილიონი, 1 ივნისს 73.7 მილიონი, 1 ივლისს 73.4 მილიონი, ხოლო 1 აგვისტოს 73.2 მლნ უნცია შეადგინა.

კლება რუსეთის ბანკის შიდა ბაზრის ოპერაციებმა განაპირობა, რომლებიც ეროვნული კეთილდღეობის ფონდთან ფინანსთა სამინისტროს ტრანზაქციებს სარკისებურად ასახავს. როგორც წესი, როცა ნავთობისა და გაზის შემოსავალი ბიუჯეტის წესით დადგენილ დონეს ჩამორჩება, ან კეთილდღეობის ფონდის რესურსი შიდა ინვესტიციებისთვის გამოიყენება, რუსეთის ბანკი ლიკვიდური სარეზერვო აქტივებით საპასუხო ტრანზაქციებს ასრულებს. ამ შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად ოქროს გაყიდვის შესახებ ცალკე გადაწყვეტილებას კი არ იღებს, არამედ მექანიზმის ტექნიკურ ნაწილს ახორციელებს.

განაგრძე კითხვა