მძღოლს სუს-ში მფარველები ჰყავდა? – რა ინფორმაციას ავრცელებს ავარიის დროს გარდაცვლილი დედა-შვილის ნათესავი

გორში ავარიის დროს გარდაცვლილი დედა-შვილის ნათესავი არ გამოირცხავს, რომ მძღოლს, რომლის დაუდევრობასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მფარველები სუს-ში ყოლოდნენ.

რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში ირმა ამბარდნიშვილმა დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, რევაზ ელიზბარაშვილი სამი თვის წინ პატრულმა სიჩქარის გადაჭარბების გამო გააჩერა, მაგრამ ოჯახის მტკიცებით, მაშინ მანქანაში სუს-ის თანამშრომლები ესხდნენ, რომლებიც პოლიციას უსამსახუროდ დარჩენით დაემუქრნენ და მამაკაცი ხელშეხებელი დარჩა.

ამ ინფორმაციით ვარკვევთ, რომ მძღოლი მაშინაც მთვრალი იყო.

ვინც იმ მანქანაში ისხედით ყველა მკვლელები ხართ ჩემი ანის და მართასი! – ვკითხულობთ ირმა ამბარდნიშვილის წერილში.

“დღეს გავიგე რევაზ ელიზბარაშვილი სამი თვის წინ ისეთი სისწრაფით გადაადგილდებოდა პატრული გამოეკიდა ,არ დაემორჩილა სანამ გზა არ გადაუკეტეს უგონო მთვრალი იყოო საბუთები რომ მოსთხოვეს მანქანის უკანა ფანჯრები ჩაიწია სუს- ის თანამშრომლები ისხდნენ და ვის უბედავ სამსახურიდან გა**ვავო!
აი ასეა ! ქვეყანა სადაც კანონი არ მოქმედებს ძალოვანებზე, მათ ოჯახის წევრებზე, პარტიულ აქტივზე!
ვინც იმ მანქანაში ისხედით ყველა მკვლელები ხართ ჩემი ანის და მართასი!
არ მაინტერესებს გამოიძიონ ვინ ისხდნენ იმ მანქანაში და მინიმუმ სამსახური დაკარგონ კი არა ციხეში უნდა გაუშვან სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის!
სკოლის ოროსნებით და გონებაჩლუნგებით რომ გაავსეთ სამსახურები!
აი რა ქნას პატრულის უბრალო ინსპექტორმა რა დღეში აგდებენ?” – წერს სოციალურ ქსელში, გორში, ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრი ირმა ამბარდნიშივილი.

გორის ცენტრში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახი დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. ირმა ამბარდნიშვილის ინფორმაციით, 35 წლის კაცი, ვინც საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, ავტომობილში მარტო არ იმყოფებოდა – მასთან ერთად იყვნენ მისი არასრულწლოვანი შვილები და ორი დეიდაშვილიც – ეს ადამიანები ავარიის შემდეგ მასთან ერთად მიიმალნენ.

ირკვევა, რომ რევაზ ელიზბარაშვილს, რომელიც 3 წლის ბავშვს და მის დედას ავტომობილით შეეჯახა, 225 ვიდეო ჯარიმა აქვს, მათი ნაწილი სწორედ სიჩქარის გადაჭარბებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში, გორში ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და ქვეითად მოძრავ დედა-შვილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.