უჩა დვალიშვილი: კულტურა არის ძვირადღირებული დარგი და ქვეყანამ ფული უნდა ჩადოს, რადგან უკულტურობა უფრო ძვირი დაუჯდება!

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ისევე როგორც სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, საგამოცდო ციებ-ცხელებაა.  News.ge დრამის ფაკულტეტის, ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფების ფინალურ გამოცდას დაესწრო.

გამოცდის დაწყებამდე, შევძელით და რამდენიმე კითხვით მივმართეთ გამოჩენილ ქართველ ქორეოგრაფს, ანსამბლ როკვის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მთავარ ქორეოგრაფს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, პროფესორს, ღირსების ორდენის კავალერს, ფოლკლორის ეროვნული პრემიის ლაურეატს ბატონ უჩა დვალიშვილს.

ქართული ცეკვის პედაგოგების სიმცირე არ უნდა იყოს საქართველოში, თქვენ ხომ ზრდით კადრებს?

უჩა დვალიშვილი: ვერ ვიტყოდი. კადრების სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში, არ არიან საკმარისი კვალიფიციური სპეციალისტები. საბედნიეროდ, უნივერსიტეტში არსებობს დრამის ფაკულტეტი რომელიც ქართული ცეკვის დამდგმელ ქორეოგრაფებს ზრდის. მათ ვაძლევთ შესაბამის განათლებას – ისინი სწავლობენ თეორიულ საგნებსაც და პრაქტიკულ დისციპლინებს.

ყოველ მეორე წელს ვუშვებთ 15 სპეციალისტს. და მაინც შეზღუდულები ვართ, ოთხწლიან სწავლებაში ორი კურსი გვყავდა მხოლოდ. ახლა კი ოთხწლიანიც აღარ იქნება და გადავდივართ სამწლიან სწავლებაზე…  სად სამწლიანი და სად ოთხწლიანი სწავლება…  რეალურად ძალიან დიდი პროგრამაა. შემცირებული პროგრამა კი, შემცირებული ცოდნაა. იცის განათლების სამინისტრომ რომ უნდა მიაქციოს ამ სფეროს ყურადღება. ჩვენ ვართ ცეკვის, სიმღერის ქვეყანა. ბევრი ბავშვია დაკავებული და ჩართული სხვადასხვა სასწავლო ჯგუფებში. ერთ სკოლაში რამდენიმე ცეკვის პედაგოგი მუშაობს. პატივს ვცემ მოცეკვავეებს რომლებიც პედაგოგებად აგრძელებენ მუშაობას, პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ უმაღლესი განათლების მქონე  ქორეოგრაფი სხვა დონეა.

ეს აზრიც მომისმენია, რომ არ არის საჭირო უმაღლეს სასწავლებელში ქორეოგრაფიის ფაკულტეტი. პირველად ვამბობ თქვენთან და შემთხვევით არ ვამბობ –  ჩვენ შეიძლება იმ კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ, რომ გადგვისროლონ სადმე კოლეჯში და უნივერსიტეტში ვეღარ გავაგრძელოთ სწავლება. ამ დროს კი, ძალიან მოკლე ხანში, ჩვენ გვყავს რამდენიმე მეცნიერებათა დოქტორი ქორეოგრაფიის დარგში…

უნივერსიტეტში არის სპეციალობა მგალობელ-რეგენტი და ამ ფაკულტეტს ოთხი წელი დაუტოვეს სწავლება. კი ბატონო, მაგრამ როგორც ხელოვანს მაინტერესებს – ჩვენ დარგს არ სჭირდება ოთხწლიანი განათლება? არ ვადანაშაულებ ჩვენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ალბათ ისინი დირექტივებს იღებენ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ეს არასწორი პოლიტიკაა.

ანუ, შეიძლება ქვეყანაში დადგეს ქორეოგრაფ-პედაგოგების მომზადების სერიოზული პრობლემა?

უჩა დვალიშვილი: დადგება აუცილებლად! მე ხშირად ვამბობ ამას და მიყვარს ეს გამოთქმა: კულტურა არის ძვირადღირებული დარგი და ქვეყანამ ფული უნდა ჩადოს, რადგან უკულტურობა უფრო ძვირი დაუჯდება!

 

ამონარიდი:

ქორეოგრაფიის მკვლევარი, ქორეოგრაფი, ქორეოგრაფიული მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი ეკატერინე გელიაშვილი:

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქორეოგრაფიული სპეციალიზაცია საკმაოდ რეიტინგულია. შრომისა და დასაქმების ბაზარზე საკმაოდ დიდია მოთხოვნა პროფესიონალ დამდგმელ და პედაგოგ-ქორეოგრაფებზე, როგორც პრაქტიკოსებზე, ისე მეთოდისტებზე.

ორ ათეულ წელზე მეტია, რაც საქართველოში დაიწყო უმაღლესი კვალიფიკაციის კადრების მომზადება ქართულ  ქორეოგრაფიაში. მანამდე საქართველოში ქორეოგრაფიის განხრით უმაღლესი სკოლა არ არსებობდა და ამ კუთხით უმაღლეს განათლებას საზღვარგარეთ იღებდნენ ერთეულები. საქართველოში არსებობდა მხოლოდ კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლების სისტემა, სადაც საშუალო სპეციალურ განათლებას იღებდნენ და თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელს ამზადებდნენ. ამჟამად, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ამზადებს უმაღლესი აკადემიური კვალიფიკაციის (საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე) დამდგმელ ქორეოგრაფს, როგორც ბავშვთა, ასევე თვითმოქმედი და პროფესიული ანსამბლებისათვის, სახელოვნებო საგანმანათლებლო ორგანიზაციებისათვის, რომელიც გარდა სახელოვნებო სადადგმო უნარ-ჩვევებისა, საჭიროებს ქორეოგრაფიულ პედაგოგიურ განათლებასაც.

მოცეკვავე, კლასიკური ცეკვის პედაგოგი მაია ლიპარტიანი:

ცნობილია ქართველი ბალეტმეისტერის – ვახტანგ ჭაბუკიანის შეხედულება კლასიკური ბალეტისა და ხალხური ცეკვების ურთიერთმიმართებაზე. მშობლიური ქართული ხელოვნების ეს დიდი მოამაგე საჯაროდ აცხადებდა:

„ხალხური შემოქმედების ელემენტები ორგანულად უნდა ერწყმოდეს კლასიკას.“

სხვათა შორის, სწორედ ამიტომ გახლდათ, რომ სახელოვანმა ბალერინამ და ქართული ცეკვის უბადლო შემსრულებელმა,  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ლილი გვარამაძემ, ხალხური ცეკვისა და საბალეტო ხელოვნების მსახიობებისათვის საგანგებოდ თარგმნა ბალეტის თეორეტიკოსისა და ბალეტმეისტერის – აგრაფინა ვაგანოვას წიგნი  „კლასიკური ცეკვის საფუძვლები“.

კლასიკური ბალეტის ილეთების ცოდნა ამდიდრებს ხალხური შემოქმედებით დაკავებული მოცეკვავეების პლასტიკას და ხვეწს მათი მოძრაობის დინამიურობას.

საგანგებოდ არის აღსანიშნავი, რომ რიგი მათგანისათვის, ვინც მომავალში ხალხური ცეკვის პედაგოგობას დააპირებს, სავსებით აუცილებელი იქნება კლასიკური ცეკვის ანბანის ცოდნა.

მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი მანანა აბაზაძე:

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სტუდენტების შრომა! ძალიან კარგები არიან, მათ საუკეთესო პედაგოგი ჰყავთ. გარდა იმისა, რომ ცეკვებს კარგად ასრულებენ, შინაგანად გრძნობენ, გულისყურით ცეკვავენ და ეს არის მოცეკვავის მთავარი თვისება. ვუსურვებ მათ წარმატებასა და წინსვლას.

 

მოცეკვავე, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი მარინა გელაშვილი:

ეს შედეგი პედაგოგის, ქალბატონ მაიას დამსახურებაა. პირადად მე, ფრიდონ სულაბერიძის გაზრდილი ვარ და ის რეპეტიციას კლასიკური ცეკვის ილეთებით იწყებდა.  შედეგი სახეზეა. არაჩვეულებრივი სტუდენტები არიან.

 

სპეციალურად საიტისათვის, ნინო ჩხეიძე