მოცემულობაა, რომ 2012 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ქართული მხარისთვის კაპიტულაციის აქტი იყო – მანამდე საოკუპაციო ძალები 125 სოფელზე კონტროლს ვერ ახორციელებდა და 12 აგვისტოდან 125 დასახლებაზე მათი კონტროლი გაფორმდა! ამ შეთანხმების არსი რომ ყოფილიყო, რომ რუსეთს საკუთარი ძალები გაეყვანა, ხოლო ქართულ მხარეს არავითარი ვალდებულებები არ ექნებოდა, თეორიულად არაკაპიტულაციური შეთანხმება იქნებოდა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმებით, ქართულმა მხარემ დე-ფაქტო უარი თქვა იმაზე, რასაც 8 აგვისტომდე აკონტროლებდა.
“12 აგვისტოს შეტევაზე რუსული მხარე იყო. ქართული მხარე თავდაცვით მდგომარეობაში იყო და როცა ასეთ დროს ხელს აწერ შეთანხმებას, რომელიც შენთვის დამაზიანებელია, ეს არის კაპიტულაციის აქტი.
8 აგვისტომდე გარკვეული მდგომარეობა იყო და ეს მდგომარეობა 12 აგვისტოდან შეიცვალა. მდგომარეობა იყო ასეთი – 8 აგვისტომდე მთლიანობაში 125 სოფელი საქართველოს კონტროლის ქვეშ იყო. შეთანხმებით ქართულმა მხარემ დე ფაქტო 125 დასახლებაზე უარი თქვა. ეს არის კაპიტულაცია. რასაც 8 აგვისტომდე ვაკონტროლებდით, ამ შეთანხმებით იმაზე ვთქვით უარი. უარი ვთქვით არა სამუდამოდ, მაგრამ უარი ვთქვით კონტროლის უფლებაზე, რასაც 8 აგვისტომდე ვფლობდით.
მანამდე ვაკონტროლებდით ცხინვალის რეგიონის დასახლებული ტერიტორიის 2/3-ს – 100-ზე მეტ სოფელს, ვაკონტროლებდით ზემო აფხაზეთს. საბოლოო ჯამში, გაფორმდა 12 აგვისტოს შეთანხმება, რითაც დე ფაქტო ძალების კონტროლი სამართლებრივადაც გამყარდა, მართალია ოკუპაციის რეჟიმში, მაგრამ გამყარდა ამ შეთანხმებით. 8 აგვისტომდე არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა 12 აგვისტოს შემდგომ არსებული მდგომარეობით, როცა საზღვარი გაივლო, სადაც ფაქტობრივ კონტროლს საოკუპაციო ძალები ახორციელებდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძე ამბობს იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს.
“შეთანხმებაში ყველა პირობა რუსული ვერ იქნებოდა. ამიტომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შესაბამისი პუნქტები შესასრულებელია. ჩვენ რაც გვქონდა შესასრულებელი – შევასრულეთ. იქ იყო პუნქტი, რომელიც რუსულ მხარეს უკავშირდება და მათ ეს ვალდებულება არ შეასრულეს. დღემდე საოკუპაციო ჯარები განთავსებულია ცხინვალსა და აფხაზეთში, რაც არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა. ყველა პუნქტი რუსეთის ინტერესებისთვის ჩადებული არ არის. როცა ორი მხარე რაღაცას ხელს აწერს, არის პუნქტები როგორც ერთი, ასევე მეორე მხარეს, მაგრამ მდგომარეობა ასეთია, რომ ჩვენ შევასრულეთ გათვალისწინებული პირობები შევასრულეთ და რუსეთმა არ შეასრულა. ჩვენი ვალდებულებაა განვაგრძოთ მუშაობა ამ შეთანხმების პირობების შესრულებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმითვე, დოკუმენტი გასაკრიტიკებელია იმ კუთხით, როცა საქმე ეხება რუსეთის მხრიდან ვალდებულებების არშესრულებას.
“შეიძლება აღსრულების მექანიზმები კარგად არ იყოს გაწერილი. მთელი ამ დროის განმავლობაში ეს აღმოჩენილი გვაქს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ყველას. ორი მხარე რაღაცაზე შეთანხმდა და ევროკავშირი იყო ამის გარანტი. როცა რაღაცაზე თანხმდები და არ სრულდება, იქ უკვე აშკარაა, რომ პრობლემაა გარანტშიც, შეთანხმებაშიც და ყველაფერში. შეთანხმებას ხელი იმიტომ ეწერება, რომ მხარეებმა და გარანტორებმა მიიღონ ზომები მის შესასრულებლად“, – განაცხადა კობახიძემ.




