ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი პრაქტიკა – იყავით და გაგეკეთებინათ! არ გააკეთეთ – ჩვენ გავაკეთეთ. მადლობა ყურადღებისთვის! – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს, რომლებმაც პრემიერს სიმბოლურ 1 ლარად ქონების გადაცემასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
პრემიერის თქმით, ახლა ყველაფერი გამოდის გამჭვირვალე აუქციონზე, რაც არ იყო უზრუნველყოფილი მათ შორის არც გიორგი გახარიას პრემიერობის დროს.
„კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის გადაეცემა 1 ლარად ქონება, არიან თუ არა ესენი მთავრობასთან დაკავშირებული პირები. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, თუ არა, არის კონკრეტული შემთხვევები, მაგალითად დევნილებისთვის უფასოდ ბინების გადაცემა და ა.შ. ეს იყო მანკიერი პრაქტიკა- იყავით და გაგეკეთებინათ! შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე. ჩვენ მთლიანად გავაუქმეთ პრივატიზაციის მანკიერი პრაქტიკა, რაც ითვალისწინებდა პირდაპირი ფორმით ქონების გადაცემას კონკრეტული ადამიანებისთვის. შესაბამისად, ამ მიმართულებით კორუფცია თეორიულადაც კი გახდა შეუძლებელი. ყველაფერი გამოდის გამჭვირვალე აუქციონზე, რაც არ იყო უზრუნველყოფილი, მაშინ, როდესაც თქვენი თავმჯდომარე იყო, მაგალითად, მთავრობის ხელმძღვანელი. იყავით და გაგეკეთებინათ! არ გააკეთეთ- ჩვენ გავაკეთეთ. მადლობა ყურადღებისთვის!“,- განაცხადა პრემიერმა.




