პენტაგონის სპიკერის, შონ პარნელის თქმით, აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის დაახლოებით 5 000 ამერიკელი ჯარისკაცით შემცირების ბრძანება გასცა.
“გადაწყვეტილება მოსდევს ევროპაში დეპარტამენტის ძალების მდგომარეობის ყოვლისმომცველ მიმოხილვას და ითვალისწინებს საომარ მოქმედებათა თეატრის საჭიროებებსა და ადგილზე ვითარებას. მოველით, რომ უკანდახევა მომდევნო ექვსიდან თორმეტ თვეში შესრულდება”. – თქვა პარნელმა.
ცნობისთვის, ტრამპმა 29 აპრილს განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მოკავშირე გერმანიაში აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის შემცირების შესაძლებლობას განიხილავდა.
პარალელურად, ტრამპა ასევე განაცხადა, რომ მერცი “საქმეს თავს საშინლად ართმევს” და “უამრავი პრობლემა” აქვს, მათ შორის, ენერგეტიკისა და იმიგრაციის საკითხები.
ტრამპის პოსტს წინ უძღოდა გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებები, რომელშიც მან ირანში ომის მიმართ მიდგომა გააკრიტიკა და თქვა, რომ ირანთან მოლაპარაკებებზე აშშ “დაამცირეს”.
აშშ-ს გერმანიაში მნიშვნელოვანი ზომის სამხედრო კონტინგენტი ჰყავს განლაგებული, რაც დეკემბრის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბაზებზე 36 000-ზე მეტ აქტიურ სამხედრო მოსამსახურეს მოიცავს.