11
მთავრობის ადმინისტრაცია დღეიდან პროტესტის კიდევ ერთ ეპიცენტრად იქცევა. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ დღეს, 17:00 საათზე, სამთავრობო ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან.
მოქალაქეები სახელმწიფოსგან მათი შვილებისთვის აუცილებელი მედიკამენტის უზრუნველყოფას ითხოვენ. მათი განცხადებით, სამთავრობო კვარტალში 24-საათიანი პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ხელისუფლება ძვირადღირებული პრეპარატის ქვეყანაში შემოტანას არ უზრუნველყოფს.
პაციენტების ოჯახები ადგილზე კარვების გაშლას გეგმავენ, თუმცა, მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ნებართვას ამ ეტაპზე არ გასცემს.
მშობლები ასევე მიმართავენ სახალხო დამცველს და მოუწოდებენ, მიმდინარე პროცესში მათ გვერდით დადგეს.



