სტოლტენბერგი: რუსეთთან ბუფერული ზონების განხილვას ვემხრობოდი, ლავროვს ეს არ აინტერესებდა

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საკუთარ წიგნში On My Watch წერს, რომ 2021 წელის სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას NATO-ს წევრ ქვეყნებსა და რუსეთს შორის ბუფერული ზონების შექმნის შესაძლებლობის განხილვა სცადა, რითაც ლავროვი არ დაინტერესდა.
სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები მსგავსი შეთავაზების წინააღმდეგი იქნებოდნენ, თუმცა წარსულში NATO-სა და რუსეთსშორის წარმატებული მოლაპარაკებების ფონზე ის იმედოვნებდა, რომ შეთანხმების მიღწევა ახლაც შესაძლებელი იქნებოდა.
“მე NATO-რუსეთის საბჭოს ახალი შეხვედრების გამართვის აუცილებლობას ვამტკიცებდი, რათა, სხვა საკითხებთან ერთად, შემოთავაზებული ბუფერული ზონები განხილულიყო. ვიცოდი, რომ ისეთი წევრი ქვეყნები, როგორიცაა პოლონეთი და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, მკაცრად ეწინააღმდეგებოდნენ ასეთი ზონების შექმნას, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს მათი ტერიტორიების დაცვას გაართულებდა. მაგრამ ამავე დროს ვიცოდი, რომ NATO-სა და რუსეთს გეოგრაფიულ სამხედრო შეზღუდვებზე შეთანხმება ადრე უკვე მიღწეული ქონდათ. თუ ეს დაბალანსებულად გადამუშავდებოდა, შესაძლოა, მსგავსი შეთანხმება დაძაბულობის შემცირებას დაეხმარებოდა.
მაგრამ ლავროვს ეს არ აინტერესებდა. მან იცოდა, რომ საბჭოს შეკრების შემთხვევაში დღის წესრიგის მთავარი თემა იქნებოდა და დაღლილი იყო ჩვენი მხრიდან იქ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე მუდმივი მითითებების მოსმენით. “დროის ფუჭი ხარჯვაა” – თქვა მან” – წერს სტოლტენბერგი წიგნში.
სტოლტენბერგი ასევე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე მან ლავროვს უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედრო მობილიზების შესახებ ესაუბრა, რაზეც ლავროვი შესამჩევლად გაღიზიანდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრაზე ამტკიცებდა, რომ აღნიშნული მობილიზება “ნორმალური სამხედრო აქტივობა” იყო, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ხდებოდა. “თქვენ აჭარბებთ, თქვენ ისტერიულები ხართ. თქვენ ცხვირებს იმაში არ უნდა ყოფდეთ, რაც რუსეთის ტერიტორიაზე ხდება” – უთხრა ლავროვმა სტოლტენბერგს.
მოგვიანებით, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.